კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

13 სექტემბერი 2018
კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, სვეტლანა კუდბას, ფატი ხალვაშის, კობა ნაკაიძის, ილია ნაკაშიძის, მირიან წიკლაურის, დიმიტრი მხეიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ლევან კობერიძის და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილეს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება. აღნიშნული ცვლილების თაობაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი - მკაფიო გზავნილი გაუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პლევნოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმიური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე შეფასებით, ცვლილება ორ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც აცრების გეგმიური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმიური კალენდარი ხდება. „კანონს ემატება ერთი სიტყვა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ერთ სიტყვას დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც დღესდღეისობით შექმნილია ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

აღნიშნული ინიციატივა მისმა ერთ-ერთმა თანაავტორმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეაფასა.

ამ ეტაპზე ინიციატივის მთავარი ამოცანა არის საზოგადოებაში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლება და ყურადღების კონცენტრაცია როგორც მშობლების ასევე სამედიცინო საზოგადოების მხრიდან. ის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემიები ან ლოკალური აფეთქებები ვაქცინით მართვადი ინფექციების თვალსაზრისით, სწორედ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის დამსახურებაა. დღეს საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის კალენდარი ერთ-ერთი სამაგალითოა და მოიცავს ყველა თანამედროვე უსაფრთხო ვაქცინებს და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ კანონში გავაჩინოთ ეს ჩანაწერი. ყურადღების მოდუნება არ უნდა მოხდეს იმ წარმატების ფონზე, რომელიც უკვე მიღწეულია და საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის აუცილებელია, სულ მცირე 90% დაფარვა გვქონდეს ყველა ვაქცინით თითოეულ მუნიციპალიტეტის დონეზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე განმარტებით, მომავალ ექვს თვეში ინტენსიური მუშაობა წარიმართება განათლების და ჯანდაცვის უწყებებთან, რათა დაკონკრეტდეს განხორციელების მექანიზმები და ის სავალდებულო ჩანაწერები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ.

ინიციატივასთან დაკავშირებით, სხდომაზე მოწვეულმა პედიატრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა გამოთქვეს. „ჩვენ მივესალმებით თქვენს ინიციატივას და მაქსიმალურად შევეცდებით მის განხორცილებას მხარი დაუჭიროთ. საკმაოდ ხშირად მიწევს კონკრეტული შეხება და პაციენტებისთვის ვაქცინაციის გაკეთება. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მშობელი უნდობლად მოგვმართავს და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის ამაღლება და კარგი იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის აუცილებლობის მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იქყვის საკუთარი შვილის აცრაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის გამოუყენებლობა ფაქტიურად დანაშაულია“, - განაცხადა პედიატრმა, თემურ მიქელაძემ.

სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრტელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონის N1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას, ასევე N2 დანართით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებების ნუსხას ემატება 10 ნივთიერება, ხოლო N1 დანართის პრეკურსორების პირველ ცხრილს - 2 ნივთიერება. 

კომიტეტის წევრები სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშსაც გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის შესრულების ძირითადი მაკროეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები გააცნო და ყურადღება კომიტეტის საკურატორო სფეროში შემავალ სახელმწიფო უწყებებზე გაამახვილა.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრები საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას გაეცნენ. მომხსენებლის, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიას ინფორმაციით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათის, თუმცა მეტად მნიშვნელოვან საკითებს მოიცავს.

სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

გალერეა

  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი
  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი
  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი
  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი
  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი
  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი
  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი
  • კანონის მიხედვით გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება, 2018 წლის 13 სექტემბერი