პარლამენტში ექთნების შრომის პირობებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა

12 აპრილი 2019
პარლამენტში ექთნების შრომის პირობებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, სოლიდარობის ქსელის - დამოუკიდებელი პროფკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის - „ექთნების შრომის პირობები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.
 
სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და ორგანიზაციის მკვლევარმა, ნენო ჩარკვიანმა ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე რეკომენდაციები წარმოადგინეს.

აღინიშნა, რომ საქართველოში მედდების რაოდენობის დეფიციტი უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემასა და პაციენტზე გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგებზე. პრეზენტატორების ინფორმაციით, 10 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 200-მდე ექთანი გამოიკითხა და შესწავლილ იქნა როგორც შრომითი პირობები, ასევე ანაზღაურების საკითხები, მუშაობის ხანგრძლივობა და კლინიკის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები. მომხსენებლებმა, ღონისძიების მონაწილეებს, ექთნების შრომის პირობებზე ჩატარებული საერთაშორისო კვლევის შედეგებიც წარმოადგინეს და საქართველოს მაგალითთან პარალელები გაავლეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა. სამინისტროს, სახალხო დამცველის, სამედიცინო დაწესებულებების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კვლევის შედეგები შეაფასეს და საქართველოში ექთნების სამუშაო გარემოზე მოსაზრებები წარმოადგინეს.

კომიტეტის წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხის წამოწევა მოხდა. მისი შეფასებით, კანონმდებლობით ყველა ამ გამოწვევის დაძლევა გაძნელდება, თუმცა პრობლემის მოგვარების მიზნით, კომიტეტმა წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები უნდა მოიწვიოს და მათთან ერთად განიხილოს აღნიშნული საკითხები და გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს.

პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მომხსენებლებმა ფართომასშტაბიანი და საინტერესო კვლევა წარმოადგინეს, სადაც ნათლად ჩანს ექთნების შრომითი პირობები და ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შედეგები. პარლამენტის წევრმა კვლევის ჩატარებისთვის სოლიდარობის ქსელს და მხარდაჭერისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოდგენილი პრეზენტაცია და იქ ასახული შედეგები მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომიტეტი ექთნების პროფესიული მდგომარეობის შესწავლას, მათი შრომითი უფლებების საკითხებს და არსებული პრობლემების გადაწყვეტას ყურადღებით ეცნობა. აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია და ერთ ექიმზე ერთი მედდაც არ მოდის. არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამინისტროს მხრიდან გარკვეული ღონისძიებები იგეგმება და კომიტეტი, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, ყურადღებას მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს.

გალერეა

  • პარლამენტში ექთნების შრომის პირობებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა, 2019 წლის 12 აპრილი
  • პარლამენტში ექთნების შრომის პირობებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა, 2019 წლის 12 აპრილი
  • პარლამენტში ექთნების შრომის პირობებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა, 2019 წლის 12 აპრილი
  • პარლამენტში ექთნების შრომის პირობებთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა, 2019 წლის 12 აპრილი