„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევა - „ხარისხიანი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა საქართველოში“

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის კომიტეტები ახდენენ თავიანთ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს. 

კონტროლის განხორციელების პროცესში კომიტეტი შეისწავლის და გააანალიზებს ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და მიღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.

ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ-ის) ფარგლებში საკომიტეტო მოკვლევის პროცესში, კონკრეტული ნორმატიული აქტის აღსრულების თაობაზე, ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების (TOR)-ის დაცვით, წერილობითი ფორმით, შესაბამისი მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარებული დოკუმენტი წარმოადგინოს კომიტეტში.

ახალი საზედამხედველო ფუნქციის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, იწყებს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის რეფორმის აღსრულებისა და ეფექტიანობის შეფასების პროექტს სახელწოდებით - „ხარისხიანი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა საქართველოში“.

პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, სადაც შეიქმნა ნააკ-ის ფარგლებში თემატური მოკვლევის ჯგუფი (შემდგომში თემატური მოკვლევის ჯგუფი), შემუშავდა კითხვები და განისაზღვრა დაინტერესებული მხარეები.

ნააკ-ის ფარგლებში თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან:

აკაკი ზოიძე
დიმიტრი ხუნდაძე
ლევან კობერიძე
ილია ნაკაშიძე
ზურაბ ჭიაბერაშვილი
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.

საკითხის მთავარი მომხსენებელია დიმიტრი ხუნდაძე.


ნააკ-ის ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის სამუშაო პროცესი ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს:

  • ნააკ-ის საკითხის იდენტიფიცირება
  • ინფორმაციის გავრცელება ნააკ -ის დაწყებასთან დაკავშირებით
  • კითხვების გაგზავნა და ნააკ-ის ტექნიკური მოთხოვნების შედგენა, გავრცელება
  • საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება დაინტერესებულ მხარეებთან
  • მოსაზრებების მიღება და ანალიზი
  • მოსმენების ჩატარება
  • დასკვნის და რეკომენდაციის მომზადება

ნააკ-ის საკითხის იდენტიფიცირების შემდგომ, თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან გაიგზავნა კითხვები, შემუშავდა ნააკ-ის ტექნიკური მოთხოვნები.

დაინტერესებული მხარეების ნააკ-ის პროცესში ჩართვისა და ინფორმირებულობის მიზნით, თემატური მოკვლევის ჯგუფი:

  • ატარებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას დაინტერესებულ მხარეებთან.
  • საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება დაინტერესებულ მხარეებთან მოიცავს ნააკ-ის ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის სამუშაო პროცესის ყველა ეტაპის გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის.
  • საინფორმაციო შეხვედრის შემდგომ პარლამენტის ვებ.გვერდზე აქვეყნებს ნააკ-ის ტექნიკურ მოთხოვნებს (TOR), რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს დაინტერესებულ პირთა მიერ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი მოსაზრებები.
  • კითხვებისა და ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტის განთავსება პარლამენტის ვებ-გვერდზე, საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, პროფესიული ასოციაციებს, კონკრეტულ მოქალაქეს, თემატური მოკვლევის ჯგუფს წარმოუდგინონ დასაბუთებული მოსაზრებები ნააკ-ის საკითხთან დაკავშირებით.
  • მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად.

მოსაზრებების მიღებისა და ანალიზის შემდგომ თემატური მოკვლევის ჯგუფი:

  • შეისწავლის დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას.
  • გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან ზეპირ მოსმენებზე თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებების მომხსენებლის სტატუსით.
  • ზეპირი მოსმენისას, მოსაზრების ავტორი თავის დასაბუთებულ მოსაზრებას საჯაროდ წარუდგენს თემატური მოკვლევის ჯგუფს.
  • მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
  • ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის.

წერილობითი და ზეპირად დასაბუთებული მოსაზრების გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, თემატური მოკვლევის ჯგუფი:

  • მოისმენს განმარტებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იმსჯელებს საკითხის მოგვარების გზებზე.
  • მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს, სადაც აისახება თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნები და რეკომენდაციები.
  • შემაჯამებელი ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და გამოქვეყნდება საჯაროდ.
  • შემაჯამებელი ანგარიში კომიტეტის სხდომაზე განიხილება, შეფასდება და მომზადდება კომიტეტის დასკვნა.
  • კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს და გამოქვეყნდება საჯაროდ.