„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

09 ოქტომბერი 2020
„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად) - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას მომხსენებელმა განმარტა, რომ მიმდინარე წელს, განახლებული პროგნოზის მიხედვით მოლოდინი იყო ეკონომიკის შემცირება 4,9 % -ის ოდენობით, თუმცა, მისივე განმარტებით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილია 5% - ით. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ მაჩვენებელი იქნება 4% -ზე ქვევით, ხოლო მომდევნო წლიდან ის დაუბრუნდება 3% -იან მიზნობრივ მაჩვენებელს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართბაში დეფიციტის მაჩვენებელმა წელს 8,5% შეადგინა თუმცა, ამავე დროს აღნიშნა ისიც, რომ, აუცილებელია დავუბრუნდეთ 3 % -იან ნიშნულს. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს უკვე შემცირებული არის დეფიციტის მაჩვენებელი და შეადგენს 5,1%-ს.

მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, საკმაოდ გაიზარდა ვალის ნიშნულიც, რომელიც მიმდინარე წელს 58% -ს მიუახლოვდა, უმცა, მომდევნო წელს დაგეგმილია დაახლოებით 56%-მდე შემცირება. „აუცილებელია ამ მიმართულებითაც გვქონდეს შემცირების ტენდენცია იმისათვის, რომ მინიმუმ 55%-ზე დაბლა ვიყოთ, რათა მცირე რისკების შემთხვევაში არ გადავაჭარბოთ 60%-იან კრიტიკულ ზღვარს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება შემოსულობების ნაწილს, 2021 წლის სახელმწიოფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 14 მლრდ 759 მლნ. რაც 3,7 მილიარდით ნაკლებია ვიდრე 2020 წელი. 

საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 10 მლრდ. 450 მლნ. ლარს, სხვა შემოსავლები 550 მლნ ლარს; გრანტები 285 მლნ. ლარს; ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლება შესაბამისად, 150-150 მილიონით არის, ხოლო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 3 მლრდ. 154 მლნ. ლარს. ამავდროულად, ხდება ვალის დაფარვა 2 მლრდ. 640 მლნ. ლარის ოდენობით და შესაბამისად, ჯამში წმინდა ზრდა არის 534 მლნ. ლარი.

მომხსენებლის განმარტებით, ხარჯვითი ნაწილი, ჯამში განსაზღვრულია 17 მლრდ. 71 მლნ. ლარის ოდენობით, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 1მლდ 150 მლნ ლარის ოდენობითაა გაზრდილი.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველაზე დიდ მხარჯავ დაწესებულებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, რომლის მოცულობა 4 მლრდ 852 მლნ ლარს შეადგენს. „აქ 300 მლნ ლარზე მეტია ზრდა, რაც მხოლოდ წელს გაზრდილი პენსიების სრულად დაფინანსებას და პენსიის ინდექსაციას უკავშირდება“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში გათვალისწინებულია 2 მლრდ 421 მლნ ლარი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის - 1 მლრდ 738 მლნ ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 356 მლნ ლარი; იუსტიციის სამისტრო - 251 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 156 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო - 900 მლნ ლარი; ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო - 790 მლნ ლარს. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგინანსების მოცულობა შეადგენს 415 მლნ. ლარს.

კომიტეტების წევრებმა წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 2020 წლის 9 ოქტომბერი