ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

06 მარტი 2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

საკითხზე მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რამაც საჭირო და აუცილებელი გახადა მშენებლობის სფეროს საკანონმდებლო დონეზე ახლებურად მოწესრიგება. მისი განმარტებით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის პარალელურად კოდექსის ალტერნატიული პროექტიც არის შემოსული.

„კოდექსის ინიცირების შემდეგ, განხილვების შედეგად, პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის შეიცვალა კოდექსის სათაურიც და „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ ნაცვლად, პროექტს ახალი სახელწოდება „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ექნება“, - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის მიზანია, საქართველოს ტერიტორიის და მისი ნაწილების გამოყენების და განვითარების მოწესრიგება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცითო მოწყობის, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსების, კლიმატისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ. მისივე განმარტებით, კოდექსი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან - სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის საკითხებისგან. პროექტში განმარტებულია კოდექსის მიზნები და ტერმინები. ასევე, ჩამოყალიბებულია სივრცის დაგეგმარების და ქალაქმშენებლობის ამოცანები. დადგენილია სივრცის დაგეგმარების და ქალაქმშენებლობის დაგეგმვის იერარქია.

რაც შეეხება ქალაქმშენებლობის დაგეგმვას, ის ხორციელდება შემდეგი გეგმების მეშვეობით: ესენია - გენერალური, განაშენიანების, და განაშენიანების დეტალური გეგმა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტის სიახლეა მსხვილი ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასების პროცედურის შემოღება.

პროექტით უქმდება ზონალური კოეფიციენტებით ვაჭრობის პრაქტიკა. შემოდის ახალი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე პირობა ერთდროულად უნდა იყოს ძალაში იმისთვის, რომ ასეთი ნებართვა გაიცეს.
კოდექსის თანახმად, ქალაქმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით, ხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემოღება. სიახლეს წარმოადგენს ნებართვის გაცემის დროებითი შეზღუდვა. კოდექს შემოაქვს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის ცნება.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, კოდექსით შემოდის მშენებლობაზე ზედამხედველობის სამი ძირითადი სახე. ესენია: საჯარო, ტექნიკური და მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა.

მომხსენებელმა იმ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტში წამყვანი კომიტეტის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში განხილვების შედეგად შევიდა.

მთავრობის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დაზუსტებებისთვის გარკვეული განმარტებები გააკეთა.

კომიტეტის წევრებმა გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„საკითხის რეგულირების მიზნით ძალიან მნიშნელოვანია ამ კოდექსის მიღება. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

გალერეა

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 6 მარტი