ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

25 მაისი 2020
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე, სსიპ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ - ლევან რაზმაძემ წარადგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ ზოგიერთ ელემენტთან დაახლოებასა და იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში.

„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს საბჭოში გასაჩივრების მექანიზმი, განხილვის წესი და განმხილველი ორგანოს სამართლებრივი საფუძვლები.

კანონპროექტით ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო, რომლის წევრებიც შეირჩევიან გამჭვირვალე პროცესის შედეგად – საჯარო კონკურსის საფუძველზე.

კანონპროექტით განისაზღვრება საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამოუკიდებლობის გარანტიები. ცვლილების შედეგად, დადგინდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. კანონპროექტით იზრდება გასაჩივრების ვადები.

ამასთან, გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ხოლო არ გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მონეტარულ ზღვრებს ქვევით.

ამასთან, გასაჩივრების შემთხვევაში მოქმედებს ე.წ „შეჩერების“ მექანიზმი, რა დროსაც შეჩერდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები, თუმცა შეჩერებას არ დაექვემდებარება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურა.

კანონპროექტით იცვლება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განსახორციელებლად, სააგენტოსთან შეთანხმების წესი.

კანონპროექტის მიხედვით, კარდინალურ რეფორმირებას განიცდის დღეს არსებული დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა, რაც უზრუნველყოფს დავების განხილვის საბჭოს მეტ დამოუკიდებლობას.

ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოებთან და გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებით.

სხდომაზე, პირველი მოსმენით, თანმდევ საკთხებთან ერთად განიხილეს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტი.

კანონპროექტით წესრიგდება საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში დაფუძნებასთან და მართვასთან, აგრეთვე, მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

კანონპროექტის საფუძველზე ასევე, განისაზღვრება პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით, დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში.

„საქართველოში კაპიტალის ბაზარი არის ადრეული განვითარების ეტაპზე და განვითარებული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის საინვესტიციო ფონდები. საინვესტიციო ფონდი ეს არის როგორც კოლექტიური დაზოგვის ახალი დივერსიფიცირებული ინსტრუმენტი ასევე, კომპანიებისა და კერძო სექტორისთვის საინვესტიციო სახსრების მოზიდვისთვის ახალი დივერსიფიცირებული მიმართულება“, - განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

კანონპროექტით შემოთავაზებული საზედამხედველო ჩარჩო მოიცავს შემდეგ სუბიექტებს: საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში; აქტივების მმართველი კომპანია (მისი დაფუძნების ადგილის მიუხედავად), რომელიც მართავს საქათველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდს; საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია, იმის მიუხედავად, არის თუ არა საქართველოში დაფუძნებული მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი; უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს ერთეულების შეთავაზებას საქართველოში, აგრეთვე მისი აქტივების მმართველი კომპანია; სხვა პირები (სპეციალიზებული დეპოზიტარები, აუდიტორები და სხვ.), რომლებიც ახორციელებენ კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვა-ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

„იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვომობა კაპიტალზე წვდომისა და დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ეს პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებას ქვეყნისთვის და ჯამში, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს და ბიზნესი კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონის მიღება აუცილებელია საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისთვის, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეულ დებულებების დაზუსტებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის.

„ცვლილებები მომზადებულია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებით, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ღირებულების გადასახადის სრულ ჰარმონიზებას ევროკავშირის დღგ-ს დირექტივასთან. ცვლილებებით, ჩვენ ვასრულებთ როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო მიმართულებით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას და ამ კანონის მიღების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო, საბაჟო კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, ცვლილებებით შესაძლებლობა ჩნდება, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული არის კონკრეტულად ამ გადასახადთან მიმართებაში - მოხდეს მისი დანერგვა შიდა კანონმდებლობაში, რაც კიდევ უფრო მეტ სანდოობას და სტაბილურ ბიზნესგარემოს უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, მათ დახვდებათ ზუსტად ის კანონმდებლობა რა კანონმდებლობითაც დღგ-ს მიმართულებით ოპერირებენ საკუთარ ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო მეტ დაცულობას სძენს მათ საქართველოში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მომხსენებლის განმარტებით, ერთჯერადი არარეგულარული საქმიანობა აღარ დაიბეგრება დღგ-ით გარდა, არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მიწოდებისა. მისივე თქმით, საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად. მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ ეს საქმიანობა არ გამომდინარეობს გადამხდელის საქმიანობის მიზნებიდან. უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება მიწოდებული საქონლის გაწეული მომსახურეობის თვითღირებულებიდან. საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის სახით აღარ დაიბეგრება.

სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, ასევე, დაზღვევა/გადაზღვევასთან ერთად არ დაიბეგრება თანმდევი მომსახურებებიც.

პროექტის თანახმად, დღგ-ს გადამხდელ ფიზიკურ პირს აღარ ექნება შეზღუდვა აწარმოოს საკასო მეთოდით.

ასევე, იცვლება პრინციპები მომსახურების ადგილის გაწევის განსაზღვრისთვის.

ცვლილების თანახმად, იქმნება შესაძლებლობა მეორადი საქონლის ანუ ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთების მიწოდების დაბეგვრა მოგების მარჟის მიხედვით.

ლიზინგით საქონლის გადაცემა გამოსყიდვის პირობით დაიბეგრება ფაქტობრივი მიწოდებისას, ხოლო, ლიზინგის ხელშეკრულებით გათვლისიწინებული სარგებელი არ დაიბეგრება.

გარდა ამისა, კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით არის ტერმინოლოგიური დაზუსტებები.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, ასევე არის სხვა ცვლილებები, რომლებიც საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით ხორციელდება.

ქონების გადასახადისგან თავისუფლდება 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

„ასევე, მნიშვნელოვანია ის საკითხი რომ კანონპროექტის მიხედვით 2026 წლამდე გაგძელდება საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებული არის დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

„ეს არის ძალიან მხარდამჭერი ცვლილებები კერძო სექტორისთვის, რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ მოცემულობაში და კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხიხლული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 25 მაისი