თამარ ხულორდავა: „ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია 2017 წლის სრულიად განსაკუთრებული მიღწევა და შედეგია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“

28 დეკემბერი 2017
თამარ ხულორდავა: „ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია 2017 წლის სრულიად განსაკუთრებული მიღწევა და შედეგია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია 2017 წლის სრულიად განსაკუთრებული მიღწევა და შედეგია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

გადაწყვეტილების ამოქმედებიდან 8 თვე გავიდა და თავისუფალი გადაადგილების ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა საქართველოს 170 ათასზე მეტმა მოქალაქემ. პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და პრაქტიკულად არ გვაქვს ევროკავშირის საზღვრიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე დაუსაბუთებლად უარის თქმის შემთხვევები. და მაინც, ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ მნიშველობასთან ერთად, განუზომელია მისი პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს გახლავთ ევროკავშირის და საქართველოს მოქალაქეებს შორის კავშირების გაძლიერების ყველაზე მძლავრი საშუალება. 

ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ევროკომისიამ 20 დეკემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მიმოიხილა ბალკანეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა. 

ევროკომისიის ანგარიშში ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად არის შეფასებული. აღნიშნულია, რომ ქვეყანამ გამოავლინა მზადყოფნა აღკვეთოს და ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს. ხაზგასმულია საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შედეგები კორუფციასთან ბრძოლაში, ისევე, როგორც აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში საუკეთესოდ არის მიიჩნეული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ.

აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს საყოველთაო საინფორმაციო კამპანიებს უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ და უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის უხარვეზოდ მიმდინარეობას.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმდინარეობაზე მონიტორინგს ევროკომისია ახორციელებს და შედეგებს ყოველწლიურ ანგარიშში აქვეყნებს. მონტენეგროსთან, სერბეთთან, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან დაწესდა 2009 წლეს, ალბანეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინასთვის 2010 წელს, მოლდოვასთან 2014 წლის აპრილში, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის კი 2017 წლის მარტში.