თამარ ხულორდავა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

14 მაისი 2019
თამარ ხულორდავა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინე ფრუიძესთან ერთად, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა. 

მხარეებმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში გერმანიის როლზე ისაუბრეს.

თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ფონდის ხელმძღვანელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ხელშეწყობისა და კომიტეტთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

თამარ ხულორდავას განცხადებით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია საქართველოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც განსაზღვრავს არა მხოლოდ საგარეო, არამედ, საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებით, მიმდინარეობს რეფორმები. ევროპული ინტეგრაცია ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების გზაა. საქართველოს მოქალაქეებს სურთ გახდნენ იმ სივრცის ნაწილი, სადაც არსებობს მშვიდობიანი განვითარების და კეთილდღეობის შესაძლებლობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე.

მათ ყურადღება გაამახვილეს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მათ გავლენაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე.

თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ასოცირებული ქვეყნების მიმართ განსხვავებული მიდგომის მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ.

„კონრად ადენაუერის ფონდი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფონდი გერმანიაში, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე. ფონდის წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებული ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მათ აქვთ სურვილი, რომ დაგვეხმარონ ჩვენი ევროპული პერსპექტივების, ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაწევაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათთან პირდაპირი კომუნიკაცია. სტუმრებს გავაცანით ჩვენი ხედვები, გეგმები, გამოწვევები და მივიღეთ მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის სურვილი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს გამართულ შეხვედრაში, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდიდან - საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ფრანკ პრისი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ლარს ჰენზელი, აღმოსავლეთევროპის საკითხებში რეფერენტი - ფილიპ დინსტბიერი და სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი თომას შრაპელი მონაწილეობდნენ.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა, 2019 წლის 14 მაისი
  • თამარ ხულორდავა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა, 2019 წლის 14 მაისი
  • თამარ ხულორდავა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა, 2019 წლის 14 მაისი