თამარ ხულორდავა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიორნ სოდერს შეხვდა

08 ნოემბერი 2017
თამარ ხულორდავა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიორნ სოდერს შეხვდა

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავასა და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას შორის შედგა. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შედეგები შეაჯამეს და სამიტის მოლოდინებზე ისაუბრეს.

„ყველა დასახული მიზანი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას ჰქონდა, პრაქტიკულად შესრულებულია. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ ასოცირებას უზრუნველყოფს, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, რაც ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს და ასევე გაზრდილი მობილობა ,რაც უკვე განხორციელდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

მისი თქმით, აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა ამ პოლიტიკას ახალი სიცოცხლე მისცეს და დასახოს ამბიციური გეგმები. „მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზნების განსაზღვრა, რადგან მხოლოდ ტექნიკური და პრაქტიკული ამოცანები არ იქნება საკმარისი ასოცირებული ქვეყნების ამბიციების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

შეხვედრაზე თამარ ხულორდავამ ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მიღებულ დოკუმენტზე და მასში ასახულ რეკომენდაციებზე და იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში შესაძლებელი იქნება იგივე პრიორიტეტების ასახვა. „საუბარია საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზე, მათ შორის საქართველოსთვის, როგორც ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის მეტ ფინანსურ დახმარებაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა ყურადღება. სტუმრები დაინტერესდნენ თუ რა მიმართულებით ჰქონდა ქვეყანას გამოწვევები და მიღწევები. შვედმა კანონმდებლებმა საქართველოს რეფორმების მიმდინარეობა პოზიტიურად შეაფასეს.
თამარ ხულორდავამ კოლეგებს თხოვნით მიმართა, მეტად აქტიურები იყვნენ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დადებითი იმიჯის წარმოჩენაში, რისი შესაძლებლობა შვედეთს, როგორც ევროკავშირის წევრ და საქართველოსადმი კეთილგანწყობილ სახელმწიფოს აქვს.

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბიორნ სოდერი და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიორნ სოდერს შეხვდა, 2017 წლის 8 ნოემბერი
  • თამარ ხულორდავა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიორნ სოდერს შეხვდა, 2017 წლის 8 ნოემბერი
  • თამარ ხულორდავა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიორნ სოდერს შეხვდა, 2017 წლის 8 ნოემბერი
  • თამარ ხულორდავა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიორნ სოდერს შეხვდა, 2017 წლის 8 ნოემბერი
  • თამარ ხულორდავა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბიორნ სოდერს შეხვდა, 2017 წლის 8 ნოემბერი