empty

22 სექტემბერი


საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

დღის წესრიგი

22 სექტემბერი, 2014წ. 11 სთ. თბილისის პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

1. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(07-3/347, 17.07.14) განხილვა მეორე მოსმენით.
(ივანე კიღურაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე)
კანონპროექტის ბმული

კანონპროექტის მიზანია, იმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა, რომლებსაც 2007 წლამდე მინიჭებული ჰქონდათ დოცენტის ან პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შესაბამის სახელოვნებო-შემოქმედებით ან არქიტექტურის სფეროში. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით ისინი უფლებრივი მდგომარეობით გაუთანაბრდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. გარდა ამისა, კანონპროექტით სწორდება ტერმინოლოგიური ხარვეზიც, კერძოდ: „საშემსრულებლო- შემოქმედებითი“ იცვლება“ სახელოვნებო-შემოქმედებითით“, რაც შესაბამისობაში მოდის კანონით დადგენილ ტერმინებთან. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს არქიტექტურის სფეროს წარმომადგენელთა ინტერესებს და ამ ცვლილების საფუძველზე მათ საშუალება მიეცემათ სრულფასოვნად ჩაერთონ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, დაიკავონ აკადემიური ტანამდებობეი, გახდნენ სადისერტაციო საბჭოს წევრები და ა.შ.

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-2/238, 28.07.14) განხილვა პირველი მოსმენით.
(ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე)
კანონპროექტის ბმული

კანონპროექტის მიღების მიზეზია კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის, აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტის, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების მოქნილობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
კანონპროექტის მიღება ასევე გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ აწესრიგებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის არსი და მისი თავისებურებები. გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული ეფექტური რეგულაციის არსებობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფო ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე ვალდებულია ხელი შეუწყოს საერთაშორისო მობილობას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად სწორედ გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ითვლება.
გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული რეგულაციის არქონა ერთგვარ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს Erasmus Mundus-ის პროგრამისთვისაც. Erasmus Mundus-ი არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. აღნიშნული პროგრამა ახორციელებს მხარდაჭერას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რომელთაც სურთ ინსტიტუციური ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპის უნივერსიტეტებსა და მესამე ქვეყნებს შორის, ასევე ხელს უწყობს სტუდენტებს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლის პერიოდი გაატარონ მასპინძელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამდენად, ძალზედ მნიშვნელოვანია გამართული საკანონმდებლო ბაზის არსებობა, რათა ზემოაღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის დროს თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი დაბრკოლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული რეგულაციის არქონა ხელისშემშლელ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვისაც.
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლებლობის მიცემის აუცილებლობით - იყოლიოს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო.
კანონპროექტის მიღება ასევე გამოწვეულია საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს იმ მოქალაქის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ასევე დაამტკიცოს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესი.
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა;
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის შემუშავება ასევე განპირობებულია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებაში იმ პირებისათვის ხელშეწყობის აუცილებლობით, რომლებიც სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-2/241, 07.08.14) განხილვა პირველი მოსმენით.
(ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე)
კანონპროექტის ბმული

აღსანიშნავია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის ბოლომდე ყველა მოქმედმა მასწავლებელმა/სპეციალურმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, რათა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება. აღნიშნული ნორმის საფუძველზე 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნება მასწავლებელთა დეფიციტი, იმდენად რამდენადაც სერტიფიცირებული მასწავლებლების დღეს არსებული რაოდენობა არ არ იქნება საკმარისი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარსამართად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის თანახმად, მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი შეიცვლება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემით, რომელიც დაეფუძნება მასწავლებლის შეფასების კომპლექსურ სისტემას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით დაიყოფიან შემდეგ პროფესიულ კატეგორიებად:

ა) მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია);
ბ) მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია);
გ) წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგორია);
დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია).

კატეგორიების მინიჭება, შენარჩუნება, პროფესიული განვითარებისა თუ კარიერული ზრდის პრინციპები და მექანიზმები აღიწერება მასწავლებლის პროფესიში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ სქემაში, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა.
ყოველი კატეგორიის მიღწევა მასწავლებელს დაუდასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით. ამასთან, აუცილებელია, რომ ყოველი შემდეგი კატეგორიის მასწავლებელი სრულად ფლობდეს წინა კატეგორიის კომპეტენციებს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაზე დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე მასწავლებელი კრედიტ-ქულებს აგროვებს, რის საფუძველზეც შესაბამის კატეგორიას მიანიჭებს საიდენტიფიკაციო კომისია. საიდენტიფიკაციო კომისია იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც წარმოდგენილი იქნება როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი განათლების სხვადსხვა სფეროდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით იცვლება მასწავლებლისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ცნებები. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ღ7“ პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას ჩაანაცვლებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა, რომელიც კანონპროექტის შესაბამისად დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ და განიმარტება, როგორც მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც დაეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების, შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს, სავალდებულო კრედიტების ოდენობასა და მათი დაგროვების შესაძლებლობებს. ხორციელდება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ჯ1“ და ,,ჯ2“ ქვეპუნქტების ამოღება, იმდენად რამდენადაც სერტიფიცირებისა და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილი გამოცდის ნაცვლად მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ მასწავლებლის პროფესიაში შევიდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ხოლო კრედიტების დაგროვებით აიმაღლონ კავლიფიკაცია. საყურადღებოა, რომ კანონპროექტის მიხედვით, ყველა მასწავლებელს ექნება ვალდებულება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის შემდეგომ ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემაში. ტექნიკური თვალსაზრისით იხვეწება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლი, კერძოდ აღარ ხდება მითითება მასწავლებლის საჭირო კვალიფიკაციაზე, ამასთან მასწავლებლის შესაბამისი კვალიფიკაცია, კანონპროექტით წარმოდგენილი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ღ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, განსაზღვრულ იქნება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეივსება, განსაზღვრული ვადით, შესაბამისი ვაკანსიის შევსებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების უფლების ქონისათვის აუცილებელ მოთხოვნად ემატება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს ენიჭება უფლებამოსილება შეიმუშაოს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა, ასევე მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის განვითარებასა და კარიერულ ზრდაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონპროექტის შესაბამისად, ხორციელდება მოსწავლის ცნების საკანონმდებლო დონეზე რეგულირება. საყურადღებოა, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის ტერმინთან განმარტებაში არ არის მოწესრიგებული მოსწავლის ცნება, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ,,მოსწავლე“ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში საკმაოდ მრავლად არის გამოყენებული.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრისა და განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევის მიზნით გარდა მოსწავლისა, შეაფასებს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია საგანმანათლებლო ისტორია. ამასთან, ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია საგანმანათლებლო ისტორია და არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, მიეცემა შესაძლებლობა მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ჩაირიცხოს სკოლაში ან გააგრძელოს სწავლა ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების გარეშე, ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვა და აქტივობები მიმართულია იქითკენ, რომ საგანმანათლებლო სივრცე გახდეს უფრო ინკლუზიური და მიმღები სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამისათვის ხდება სკოლებში ფიზიკური გარემოს მომზადება, მასწავლებელთა გადამზადება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, მეთოდოლოგიის გამართვა. ინკლუზიური განათლების დანერგვამ ზოგადი განათლების საფეხურზე ბევრ ბავშვს, რომლებიც ყოველგვარი განათლების მიღმა იყვნენ დარჩენილი, საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. საჯარო სკოლებში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ადრეულ იდენტიფიცირებას, მათთვის სასწავლო პროცესის ეფექტურად ორგანიზებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენის კოორდინირებასა და საგანმანათლებლო პროცესში მათი გამოყენების მონიტორინგს თბილისის და რეგიონების მულტიდისციპლინური გუნდები ახორციელებენ. მულტიდისციპლინური გუნდების სამუშაო ვალდებულება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების/მოსწავლეების გამოვლენასა და მათ ასაკის შესაბამის კლასში საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას.

კანონპროექტის თანახმად, სწორდება ტექნიკური ხარვეზი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ ნაცვლად აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა მიეთითება აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტორიზაციას გადის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო აკრედიტაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. ამასთან, მე-6 მუხლიდან ხორციელდება მე-2 პუნქტის ამოღება, რომელიც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებულ გავლას, ვინაიდან აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში რეალიზაცია არ განხორციელებულა არასოდეს, იმდენად რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის სხვა ფორმას გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრების გზით ან ექსტერნატის წესით დაძლევისა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა და დამატებითი დაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებას მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის, იმ სკოლის, რომელშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, ან ლინგვისტური უმცირესობის სკოლის ან კლასის ფარგლებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული პუნქტი, პრაქტიკული აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია განზოგადდეს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, კერძოდ გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა და დამატებითი დაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებას. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ნებისმიერი საჯარო სკოლისათვის უფლებამოსილების მინიჭებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
კანონპროექტის მიხედვით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საჯარო სკოლის სასამართლოში წარმომადგენლობას, საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე, უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს - თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი. აღნიშნული უზრუნველყოფს საჯარო სკოლის ინტერსების დაცვას საერთო სასამართლოებში მაქსიმალურად კვალიფიციური პირების მიერ. ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსური რესურსის დაზოგვას, იმდენად რამდენადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს ფარგლებში შემავალ ყველა სკოლას მოემსახურება ერთი კვალიფიციური იურისტი.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალური კანონმდებლობით განსაზღვრულ იქნეს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის განსახვავებული ვადები, დირექტორთა სერტიფიცირების პროცედურის მოქნილობის უზრუნველყოფისა და დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება განსაზღვროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.