განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

13 მარტი 2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.

როგორც ალექსანდრე ქანტარიამ განმარტა, ცვლილება მიზნად ისახავს მოქმედ კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას, რომელიც ეხება სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩევის წესს და პირობებს. 

კანონპროექტით სახელოვნებო-შემოქმედებითი სასწავლებლებში სხვადასხვა დარგის მიმართულებით პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ერთნაირი პირობების განსაზღვრა ხდება“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

მისი თქმით, მოქმედი კანონი განსხვავებულად ადგენს სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის არჩევის წესს, რომლის შესაბამისადაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულებით შეიძლება აირჩეს არანაკლებ 4 წლის ვადით, რომელიც არ ვრცელდება თეორიული დარგების მიმართულებით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირზე.

„ვინაიდან, დაწესებულებისთვის დადგენილი განსხვავებული პირობები განსაზღვრულია ერთი და იგივე სასწავლებლის სხვადასხვა პროგრამაზე და სახელოვნებო და არასახელოვნებო დარგებში დასაქმებულ პირები არიან არათანაბარ პირობებში, მიზანშეწონილია, შეიცვალოს არსებული რედაქცია და მკაფიოდ განისაზღვროს ერთიანი წესი და პირობები სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პირის მიმართ“, - აღნიშნა ალექსანდრე ქანთარიამ. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 13 მარტი