განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

08 თებერვალი 2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინეს.

საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე გამართული კომიტეტის სხდომა მინისტრმა სამძიმრის განცხადებით დაიწყო - ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გადაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ზუგდიდის სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრის დაწყებამდე მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს მიერ ჩატარებული ინსპექტირების თაობაზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, 2016-2018 წლებში 269 დასკვნა მომზადდა, საიდანაც 15 შემთხვევაზე ინსპექტირების ბრძანება იმავე ან მეორე დღეს იქნა გაცემული. რაც შეეხება ზუგდიდის მეექვსე სკოლას, 2018 წლის 8 ნოემბერს შემოვიდა განცხადება, სადაც საუბარი იყო სანიტარულ, ჰიგიენურ, კომერციულ საკითხებზე დარღვევის შესახებ. 9-15 ნოემბერს ჩატარდა ინსპექტირების პროცესი, რა დროსაც განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სრულად დადასტურდა.

„შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სკოლას 22 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს დაევალა 4 დეკემბრამდე განეხილა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ასევე ეცნობა შესყიდვების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს. უნდა აღვნიშნო, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს სამინისტროში შემოვიდა ია კერზაიას კორესპონდენცია, რომელშიც იგი ადასტურებდა ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევის ფაქტებს და უთითებდა მათი აღმოფხვრის მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროცესზე. ამ წერილში არანაირ ზეწოლაზე, სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უხეშ ქმედებაზე ან დამოკიდებულებაზე მითითება არსად ყოფილა. 30 ნოემბერს სკოლის სამეურვეო საბჭომ სხდომაზე განიხილა სკოლაში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა და შესყიდვებში გამოვლენილი ორი სხვადასხვა სახის დარღვევის გარდა დაეთანხმა ყველა სხვა დარღვევის არსებობას, რომელთა უმეტეს ნაწილზე მიუთითა, რომ უკვე გამოსწორებულია, ნაწილი კი გამოსწორდებოდა უმოკლეს ვადაში, ან მიუთითა, რომ გაითვალისწინებდნენ შემდგომ საქმიანობაში. ასევე, განიხილეს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინათ უფლებამოსილება სკოლის არჩეული დირექტორისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს შეეძლო არ დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და დირექტორი ბრძანებით გაეთავისუფლებინა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამინისტროს ია კერზაია თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, როგორც ამას აქტიურად ავრცელებდნენ კონკრეტული მედიასაშუალებები და პოლიტიკური ინტერესების მქონე სპიკერები“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა მსგავსი ფაქტები პრევენციის და პოლიტიკური რისკების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტის წევრებს ინიციატივით მიმართა, რაც საარჩევნო პერიოდში სკოლების ინსპექტირების და აუდიტის ჩატარების მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ კომიტეტის სხდომა დეპუტატების შეკითხვებით გაგრძელდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მინისტრის მიერ მოყვანილი ფაქტების კონტრარგუმენტები წარმოადგინეს და მიხეილ ბატიაშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე ეჭვქვეშ დააყენეს. ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააკეთეს და მინისტრს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდეს.

„მოგივიდათ სერიოზულო შეცდომა. ეს მოგდით გამოუცდელობიდან გამომდინარე. უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის ირგვლივ გამართული დისკუსია და პოლიტიკური განცხადებები უმრავლესობის წევრებმა მიუღებლად მიიჩნიეს.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ოჯახის წევრებს, რომ აქ ასეთი რამ ხდება. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. ქალბატონი აღარ არის, ახლა შვილი აქ ზის. ხომ არ შეიძლება ეს ვაქციოთ რაღაც მიზანსცენად. ასეთ დონეზე რომ მოვა ოჯახის წევრი და აქ დადგება, მესმის, ეს რას ნიშნავს. შევიკავოთ თავი. ადამიანურად მინდა მოგიწოდოთ, რომ არ გვინდა შოუს ელემენტები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ამ საკითხზე მორალური საუბრის უფლება დეპუტატებს შორის ოპოზიციიდან, აქვს გამონაკლის რამდენიმე ადამიანს. უფლება იმიტომ არ გაქვთ, რომ არ გახსოვთ, არც ბოდიში მოგიხდიათ, არც კომიტეტის ჩატარება მოგითხოვიათ არასოდეს, იმ შემთხვევებზე, რომ თქვენი კოლეგის, ზაქარია ქუცნაშვილის დედაც ზუსტად თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სკოლიდან გააგდეთ პოლიტიკური მოტივით. სასამართლოს წინ ერთი კვირით ადრე შეცვალეთ კანონმდებლობა იმიტომ, რომ გჭირდებოდათ ამ ადამიანის წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ საკომიტეტო განხილვას, აქ ერთ ადამიანს თუ სჯერა დარბაზში, დღეს, ამ კომიტეტის ხელმძღვანელობა რომ ჩავაბაროთ რომელიმე ოპოზიციონერს, ეს ხალხი თუ ჩაატარებდა რამე მსგავსს, ღია განხილვას ასეთ თემაზე. არ ჩაატარებდნენ! ეს დარბაზი, როდესაც სახალხო დამცველის აპარატში ვმუშაობდი და უმძიმეს დარღვევებზე მოგვქონდა ანგარიშები, იყო ცარიელი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ის, რომ დღეს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საკომიტეტო მოსმენაზე იმყოფება, მისი მორალური პასუხისმგებლობაა.

„ეს არის მისი მორალური პასუხისმგებლობა, რომ მოვიდა საჯაროდ, მთელი საზოგადოების წინაშე, ისმენს ამ ყველაფერს. სადაც არის პასუხები, სცემს პასუხებს. სადაც შესაძლოა, არ არის პასუხები, ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ ამაზე პასუხები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

სხდომის მონაწილეებს ემოციური სიტყვებით ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ მიმართა, რომელმაც მომხდარი შემთხვევის საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა და პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

სხდომაზე განხილული თემა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეაფასა.

„ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად ნათელი მოგვეფინა აღნიშნული შემთხვევისთვის, რაც მოხდა ზუგდიდის მეექვსე სკოლაში. მინისტრმა მოგვაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და შესაბამის კითხვებზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გასცა. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ვფიქრობ რომ აღნიშნული განხილვების შემდეგ აუცილებლად უნდა გადავდგათ რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც სისტემური თვალსაზრისით გარკვეულ ბარიერს შექმნის და პოლიტიკური სპეკულაციების თვალსაზრისით პრევენციას მოახდეს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა და მინისტრს რამდენიმე რეკომენდაცია გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მნიშვნელოვანია მორატორიუმის მექანიზმის შემოღება, რაც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება და არჩევნების პერიოდში არაგეგმიური ინსპექტირების ფაქტებს გამორიცხავს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტირების სისტემის ნაცვლად, რომელიც ვრცელი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, შემოღებულ იქნეს შესრულების ინდიკატორების სისტემა.

„ჩემი კოლეგიური თხოვნა იქნება, რომ გადახედოთ საკადრო პოლიტიკას და მთლიანად ინსპექტირების სისტემას, რათა ის მიზანი, რომელიც გვაერთიანებს და რაც განათლების სისტემის პოლიტიკისგან დაცლას გულისხმობს, ნამდვილად იქნეს მიღწეული“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 7 თებერვალი