განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

20 ივლისი 2020
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტის, აპლიკანტის სტატუსის მქონე პირს მიეცემა შესაძლებლობა გადაავადოს სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.

ცვლილება, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება გაათანაბრებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შორის არსებულ უთანასწორობას და ბევრ ახალგაზრდას მიაღებინებს პროფესიული განათლების არჩევის გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც სხვადსხვა მიზეზის გამო სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე უარს ამბობდნენ (უმაღლესში ვერ აბარებდნენ, სოციალური მდგომარეობის გამო ვერ იხდიდნენ სწავლის საფასურს და ა.შ.), მიეცემათ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა და მხოლოდ პროფესიის შეძენის შემდგომ ჩაერთვებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

„ეს კი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდგომ გააიოლებს შესაბამისი პირების შრომის ბაზარზე გასვლას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას”, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი პროგრამის ფარგლებში და არა მრავალჯერადად, რაც თავიდან აგვარიდებს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობებს.

დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის შემდეგ, კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა შეაფასა.

„შემოთავაზებულია მათემატიკური მოდელი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად მონახოს ნებისმიერმა ახალგაზრდამ თავისი თავი, რომელი უფრო იქნება შესაძლებელი და განხორციელებადი, რამდენად იქნება მისთვის საჭირო, რამდენად გამოადგება სახელმწიფოს“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს. 

კომიტეტმა განიხილა აქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხი.

მომხსენებლის, გენადი მარგველაშვილი განცხადებით, ამ ტიპის რეგულაციების გატარება უკვე დაწყებულია.

„არაფორმალურ განათლებაზე მსგავსი ჯგუფი შევქმენით და მოვასწარით ამის გაკეთება. უკვე წარმოვადგინეთ კიდეც ის რეზოლუციები, რომელიც სამინისტრომ სამომავლოდ უნდა გაითვალისწინოს. აღმოჩნდა, რომ არაფორმალური განათლების დეფინიცირება შეიძლება ადვილი არ იყოს. დეფინიცირება შეიძლება იყოს სკოლის შიდა ფორმალური და არაფორმალური, სკოლის გარეთ ფორმალური და არაფორმალური. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების სისტემატური ჩართულობა, განსაკუთრებით, კერძო სექტორის აქტიური მდგომარეობის გათვალისწინება შრომის ბაზარზე თუნდაც ადამიანური რესურსის მოძიებისთვის და განაცხადის გაკეთებისთვის“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ჯგუფში ჩართვის სურვილი აქვთ პარლამენტის წევრებს.

მისივე ინფორმაციით, ჯგუფმა დოკუმენტი სექტემბრის ბოლომდე უნდა მოამზადოს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მომხსენებლები იქნებიან დეპუტატები: გენადი მარგველაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, სიმონ ნოზაძე, გუგული მაღრაძე, გია ჟორჟოლიანი. 

მომხსენებლის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, თემატურ ჯგუფში ჩართული იქნება პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სორტის სამინისტრო, პროფესიული კოლეჯები, პროფესიული კავშირები, კერძო სექტორი, დამსაქმებელი, საერთაშორისო პარტნიორები.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამისა და ვესტმინსტერის დემოკრატიული განვითარების ფონდს, რომელთაც გამოგვიცხადეს მხარდაჭერა და მოგვეხმარებინა თემატური მოკვლევის განხორციელებაში“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. 

დღესვე კომიტეტმა განიხილა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხი.

„პარლამენტმა მიიღო ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კანონს შემაფერხებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორები აქვს, სწორედ ამ ფაქტორების კარგად გააზრება გვჭირდება, რომ დავსახოთ სამომავლო გეგმა, ამ კანონის აღსრულებაში მოსაყვანად. მთავარი ამოცანაა არსებული გამოწვევების სწორად დანახვა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ფინანსები თუ სხვა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. 

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესრულებული საქმიანობის ანგარიში.

სამოქმედო გეგმა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ წარმოადგინა.

მან ისაუბრა იმ ძირითადი პროექტების შესახებ, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ განახორციელა საკუთარი პარტნიორების თუ, კონკრეტულად, მისი ბიუჯეტის მეშვეობით. 

„ეს არ იყო მარტივი გზა და ბუნებრივია, გულისხმობდა სერიოზული გამოწვევების დაძლევას. ეს გამოწვევები შეგვიძლია 3 ძირითად ეტაპად განვიხილოთ და თითოეული ეტაპი გულისხმობს კონკრეტულ მიმართულებებს, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საკუთარ გუნდთან ერთად განახორციელა. მინდა ხაზგასმით და სიყალბის გარეშე განვაცხადო, რომ დიახ, ეროვნული ბიბლიოთეკა დღეს არის გარკვეულწილად ერთ-ერთი წარმატებული დაწესებულება და ამას მოწმობს მისი მაღალი პოპულარობა“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

მან ისაუბრა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურული გამოწვევების, დიგიტალური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, ეკვილიბრიუმების განვითარების, ინვენტარიზაციის, წიგნადი ფონდის, საერთო კატალოგიზაციის შესახებ.

ისაუბრა, ასევე. პანდემიის პირობებში ბიბლიოთეკის ფუნქციონირების პრობლემებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა გატარების აუცილებლობის წინაშე ბიბლიოთეკა პანდემიამ დააყენა.

გიორგი კეკელიძემ პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა. 

ეროვნული ბიბლიოთეკის ინოვაციური და აქტიური მუშაობა დადებითად შეაფასეს დეპუტატებმა.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი