განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს

13 მარტი 2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს დღეს დეპუტატებმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე. სტრატეგია კომიტეტს დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გია ალიბეგაშვილმა გააცნო. 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარედ გია ალიბეგაშვილი 2017 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ხოლო მიმდინარე წლის 6 მარტიდან დეპარტამენტმა სრულფასოვანი საქმიანობა დაიწყო. გია ალიბეგაშვილის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის გერმანიისა და საფრანგეთის პრაქტიკა. 

გია ალიბეგაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქცია არ არის სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ჩატარება. დეპარტამენტის ამოცანაა უწყებათაშორისი კოორდინაცია როგორც საჯარო, ასევე კერძო და საზოგადო ორგანიზაციების სივრცეში ჩართულობით.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო ლიტერატურული ნორმირების, რეკლამირებისა და საჯარო სახელმწიფო ენის დაცულობის ზედამხედველობის საკითხებზე. მისი მოსაზრებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აფხაზური ენის კულტურას, ემიგრაციაში მყოფ ქართულ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებში მშობლიური ენისა და კულტურის შესწავლას და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის დაუფლებას.

კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს დეპარტამენტის მიერ ქართული ენის დაცვისა და განმტკიცებისათვის სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე.

მარიამ ჯაშმა სრული თანადგომა დაუდასტურა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და მადლობა გადაუხადა წინა მოწვევის ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შემუშავებაში. 

მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მსგავსად აუცილებელია სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ქვეყნის მასშტაბით თითოეულმა მუნიციპალიტეტმა და აღნიშნულის ხელშესაწყობად კომიტეტის თავმჯდომარეს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური თანადგომის იმედი აქვს.

კომიტეტი რეგულარულად გააგრძელებს როგორც სამუშაო შეხვედრებს, ასევე საჯარო განხილვებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად და ხელს შეუწყობს როგორც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე არსებული კანონმდებლობის აღსრულების სახელმწიფო ენის დასაცავად.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს , 2018 წლის 13 მარტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს , 2018 წლის 13 მარტი