გუგული მაღრაძე პროგრესის ცენტრის“ კოალიციას „ახალგაზრდები განათლების რეფორმისთვის“ ონლაინ ფორმატში შეხვდა

24 ოქტომბერი 2020
გუგული მაღრაძე პროგრესის ცენტრის“ კოალიციას „ახალგაზრდები განათლების რეფორმისთვის“ ონლაინ ფორმატში შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე „პროგრესის ცენტრის“ კოალიციას „ახალგაზრდები განათლების რეფორმისთვის“ ონლაინ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა, პრიორიტეტები და რეფორმები. გუგული მაღრაძემ ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ მნიშნელოვან კანონებზე და ყურადღება გაამახვილა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის სპეციფიკაზე. 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდებს გააცნო პარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი კანონები, რომელთა განხორციელება ემსახურება ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მთავარ მიზანს - უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა თითოეული ახალგაზრდისათვის. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კანონზე „პროფესიული განათლების შესახებ“, რამაც ძირეულად შეცვალა პროფესიული განათლების ადგილი და როლი ქვეყანაში, რითაც გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის გასაძლიერებლად, სიღარიბის დასაძლევად და უმუშევრობის შესამცირებლად. 

გუგული მაღრაძემ მონაწილეებს ასევე გააცნო მთელი რიგი კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2016-2020 წლებში მიიღო და რომლებიც მიმართულია ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესების მხრივ გუგული მაღრაძემ ახალგაზრდებს გააცნო პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული თემატური მოკვლევის პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს უფრო დაწვრილებით მოახდინონ დარგის ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხის მრავალმხრივი შესწავლა და აღმასრულებელი ორგანოებისათვის რეკომენდაციების მომზადება. განათლების კომიტეტმა მხოლოდ 2019-2020 წლებში ხუთი ასეთი თემატური მოკვლევა განახორციელა.
 
სტუდენტები დაინტერესდნენ იმ კანონების შინაარსით, რომლებიც მიღებულია უმაღლესი განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისათვის და წარმოადგინეს თავიანთი ხედვები განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მათ მიერ დასმული შეკითხვები შეეხებოდა საკითხთა ფართო წრეს. დაისვა საკითხი იგეგმება თუ არა ეროვნული გამოცდების ფორმატის შეცვლა, როგორ შეიძლება უმაღლესი სასწავლებლების როლის გაზრდა სტუდენტთა შერჩევის პროცესში, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემის შეცვლის შესახებ, სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხის მოგვარების შესაძლებლობებზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმებით ჩანაცვლების შესახებ, სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პერსპექტიულობის, სამაგისტრო სწავლების ვადების შესახებ, ასევე ბევრი კითხვა იყო დასმული, თუ როგორ წარმოუდგენია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზოგადი განათლების სფეროში არსებული ნაკლოვანებების დაძლევისთვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციები და სხვა.

გუგული მაღრაძემ დაწვრილებით უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს და გამოთქვა რწმენა რომ ახალგაზრდების ჩართულობა განათლებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში ძალზე სასარგებლო იქნება რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართული ამ პროცესებში და მათი ხედვის გათვალისწინება ძალიან წაადგება ამ სფეროში დადებითი ცვლილებების განხორციელებას. 

შეხვედრა „სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შედგა, რომელსაც „პროგრესის ცენტრი“ NATIONAL ENDOWMENT FOR DEMOCRACY-ის ხელშეწყობით ახორციელებს.

პროექტი აერთიანებს განათლების სისტემური რეფორმით დაინტერესებულ ასეულობით ახალგაზრდას. ორგანიზაციაში ჩამოყალიბებულია განათლების სფეროს ექპერტებისა და კონკურსის გზით შერჩეული ახალგაზრდების კოალიციები, რომლთა მთავარი მიზანი განათლების პოლიტიკის ადვოკატირება და რეფორმების წარმატებულად განხორციელების ხელშეწყობაა.