მარიამ ჯაში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

10 იანვარი 2019
მარიამ ჯაში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართველი მეცნიერის, ექიმის, ქველმოქმედის, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის დამფუძნებლის, მე-7 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დაბადებიდან 75 წლის იუბილეს დაესწრო. შეკრებილმა სტუმრებმა პროფესორის ღვაწლზე ისაუბრეს.

„ბატონმა ფრიდონმა ქართული მედიცინის გამორჩეულ მოღვაწეებთან ერთად შექმნა ახალი ეპოქა, განსაკუთრებით სადიაგნოსტიკო და რადიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მე მქონდა პატივი, პირადად მქონოდა პროფესიული ურთიერთობა ბატონ ფრიდონთან. მან შექმნა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობების დანერგვა საქართველოში ბატონი ფრიდონის ხედვას უკავშირდება. არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში, არამედ უკვე საქართველოს სოლიდარობის ფონდში მოღვაწეობის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთად გვემუშავა. სიმსივნით დაავადებული არაერთი ბავშვის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ბატონმა ფრიდონმა უშუალოდ პირადი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

უაღრესად დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო მის ხსოვნას. ბატონი ფრიდონი იყო გამორჩეული პროფესიონალი და მიხარია, რომ კლინიკური მედიცინის ცენტრი აგრძელებს მუშაობას და კიდევ უფრო ვითარდება. მისი ხსოვნის ყველაზე დიდი პატივისცემა სწორედ იქნება ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის ცენტრის შემდგომი განვითარება და გაზრდა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიებას აკადემიკოსები, ექიმები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ფრიდონ თოდუას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გალერეა

  • მარიამ ჯაში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო, 2019 წლის 10 იანვარი
  • მარიამ ჯაში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო, 2019 წლის 10 იანვარი
  • მარიამ ჯაში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო, 2019 წლის 10 იანვარი