მარიამ ჯაში ევროკომისიის ექსპერტებს შეხვდა

08 თებერვალი 2018
მარიამ ჯაში ევროკომისიის ექსპერტებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში შეხვდა ევროკომისიის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის, Policy Support Facility-ის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შესამუშავებელი რეკომენდაციების თაობაზე.

ექსპერტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევის საფუძველზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით უკვე მეორედ ჩამოვიდნენ თბილისში.

ისინი სწავლობენ საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი კუთხით არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებს, მიმდინარე პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და სხვადასხვა მახასიათებლებს. თემატურ შეხვედრებს მართავენ კვლევით ინსტიტუტებში, საქართველოს ოფიციალურ უწყებებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრები მოიცავს საკითხებს - მეცნიერებასა და ინდუსტრიას (ბიზნესს) შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება, მეცნიერების დაფინანსების სქემის შემუშავება და სხვა, რომლის საფუძველზეც ექსპერტები რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოუგზავნიან ქართულ მხარეს. 

ძალიან საინტერესო რეკომენდაციები გაგვიზიარეს დღეს ევროკავშირის ექსპერტებმა. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ველოდები საბოლოო რეკომენდაციებს, რომელიც დაახლოებით აპრილში იქნება ცნობილი და შემდგომ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობა გახდეს უფრო დაფასებული, ასევე უფრო მეტად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ქართველი მეცნიერებისთვის გაფართოვდეს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამ რეკომენდაციების საფუძველზე ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უნდა შევიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთის მხრივ გამარტივდეს ადმინისტრაციული ბარიერები საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობისთვის და მეორეს მხრივ გაუმჯობესდეს სამეცნიერო კვლევითი ინიციატივების ხარისხი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულებისას.

გალერეა

  • მარიამ ჯაში ევროკომისიის ექსპერტებს შეხვდა, February 8, 2018
  • მარიამ ჯაში ევროკომისიის ექსპერტებს შეხვდა, February 8, 2018
  • მარიამ ჯაში ევროკომისიის ექსპერტებს შეხვდა, February 8, 2018