მარიამ ჯაში კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) წარმომადგენლებს შეხვდა

14 სექტემბერი 2017
მარიამ ჯაში კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს, გიგა აგლაძეს და მის გუნდს შეხვდა. პირველი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა ეხებოდა ცნობილი ამერიკელი კონორეჟისორის, დევიდ ლინჩის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 18-21 ნოემბერს იგეგმება.

„ეს არის საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს და ვისაუბროთ მის ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება. დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ოფისის დაფუძნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე, საქართველოს როგორც კინოინდუსტრიის განვითარების ასევე, საგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელების ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს. მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს კოლეგებს მოგვეცემა საშუალება შევხვდეთ და ვუმასპინძლოთ ლეგენდარულ კინორეჟისორს და მასთან ერთად განვიხილოთ საქართველოს განათლების, კულტურისა და სოციალური მიმართულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი სამომავლო ინიციატივები“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ნოემბერში დევიდ ლინჩის ვიზიტის დაგეგმარების თაობაზე. მისი თქმით, საქმე ეხება მაღალი დონის შეხვედრების გამართვას, სადაც განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ინიციატივა ეხება დევის ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნას საქართველოში, რაც ჩვენს ქვეყანას მისცემს უნიკალურ საშუალებას, რომ თავად განავითაროს კინემატოგრაფიის კუთხით საგანმანათლებლო შესაძლებლობები და ამ კუთხით, რეგიონის მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც ლიდერი ქვეყანა. ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს. დაბოლოს საუბარია ფართომასშტაბიან სოციალურ პროექტზე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებზე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, დევიდ ლინჩის ფონდის მიერ გაჟღერებული ყველა ინიციატივა თანხვედრაშია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან. აღნიშნული მოიცავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, რომ ქვეყანა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს, მით უფრო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებაში, როგორიც არის კინემატოგრაფია. საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოს კულტურული და ეკონომიკური განვითარების ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დაბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე საგზაო უსაფრთხოების კამპანია მნიშვნელოვან ბაზას ქმნის დევიდ ლინჩის ფონდის ინიციატივისათვის ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და პოსტ-ტრავმული რეაბილიტაციის მიმართულებებით.

გიგა აგლაძის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ დევიდ ლინჩი ნოემბერში გვესტუმრება და ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.

„ის პროექტები, რისი გაკეთებაც იგეგმება ქვეყნისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის არის დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის და ა-კლასის კინოფესტივალის დაარსება. ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, კინემატოგრაფიის ენაზე რომ ვთქვათ, ასეთი ახლო ურთიერთობა ჰოლივუდთან და დიდ რეჟისორებთან, ვინაიდან დევიდ ლინჩის ფონდი 250 ცნობილ სახეს აერთიანებს, მათ შორისაა მარტინ სკორსეზე და ა.შ და ა.შ.  ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. ამ ფონდის გახსნით საქართველოში და კავკასიაში, ჩვენ არა თუ უკვე მივუახლოვდით ამ ადამიანებს, პირიქით საქართველოში ველოდებით მათ. სულ მალე საქართველოში ჰოლივუდის ყველა ის ვარსკვლავი ჩამოვა, რომელთა ნახვაც აქამდე მხოლოდ კინოეკრანზე შეგვეძლო“, - განაცხადა გიგა აგლაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ფონდის დამფუძნებელი კონსტანტინე ბათმანიდი, მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში ნინა ცაგარელი და მრჩეველი მარიამ თოიძე.

კავკასიის ფონდი 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოს ვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია TM (ტრანსცენდენტალური მედიტაციის) პროგრამის მეშვეობით ტრამვისა და ტოკსიკური სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მათი ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.

გალერეა

  • მარიამ ჯაში კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) წარმომადგენლებს შეხვდა, 2017 წლის 14 სექტემბერი
  • მარიამ ჯაში კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) წარმომადგენლებს შეხვდა, 2017 წლის 14 სექტემბერი