მარიამ ჯაში ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიის გენერალური დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

19 მარტი 2017
მარიამ ჯაში ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიის გენერალური დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიის გენერალური დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ქალთა სტატუსის კომისიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში. დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა კომისიის 61-ე სესიის პრიორიტეტულ თემაზე, რომელიც ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფას ეხება.

მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში, საქართველომ უზრუნველყო ძლიერი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, მათ შორის, გენდერული თანასწორობის კანონის შემუშავება და საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი კომისიის ჩამოყალიბება.

მისი განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს სტამბოლის პროტოკოლის რატიფიცირებაზე, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაბიჯად აღიარეს. მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა ისტორიულად ყველაზე მაღალია (15%) და 23-დან 18 დეპუტატო ქალბატონი საქართველოს უმაღლეს საკანომნდებლო ორგანოში წამყვან პოზიციებს იკავებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა განათლების სისტემის თითოეულ საფეხურზე გენდერული ბალანსის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს და საქართველოს ოჯახების 30%-ში ქალები უზრუნველყოფენ მთავარ ეკონომიკურ შემოსავალს.

„მიუხედავად აშკარა წარმატებებისა, საქართველომ უნდა იმუშაოს კვოტირების სისტემაზე პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალთა უფრო ფართო წარმომადგენლობისათვის და შეისწავლოს ინოვაციური მიდგომები, თუ როგორ შეიძლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ „გოგონებისათვის მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობა არ არის საკმარისი. ქალთა ეკონომიკური ხელშეწყობისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია განათლების მაღალი ხარისხი და ცოდნის შესაბამისობა შრომის ბაზრის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებთან“. მარიამ ჯაშის თქმით, მხოლოდ აღნიშნული მიდგომით იქნება შესაძლებელი მამაკაცებისა და ქალების შემოსავლებს შორის დღეს არსებული 35%-იანი განსხვავების შემცირება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად არსებული 37 ტრილიონი აშშ დოლარის დეფიციტი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის ინოვაციური დაფინანსების გაზრდას. მარიამ ჯაშმა ქალთა ეკონომიკური განვითარებისათვის ინოვაციური დაფინანსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიის გენერალური დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა, 2017 წლის 19 მარტი
  • მარიამ ჯაში ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესიის გენერალური დებატის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა, 2017 წლის 19 მარტი