მარიამ ჯაში: საუნივერსიტეტო მაუწყებლობის წარმოება მხოლოდ ავტორიზებულ უნივერსიტეტებს შეეძლება

15 აპრილი 2019
მარიამ ჯაში: საუნივერსიტეტო მაუწყებლობის წარმოება მხოლოდ ავტორიზებულ უნივერსიტეტებს შეეძლება

დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება მარიამ ჯაშმა მეორე მოსმენით წარმოადგინა. მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შევიდა, ძირითადად, იურიდიულ-ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა მისივე ინფორმაციით, კანონპროექტში განხორციელდა დამატება, რომლის მიხედვითაც საუნივერსიტეტო მაუწყებლობის წარმოება მხოლოდ ავტორიზებულ უნივერსიტეტებს შეეძლება. „ავტორიზაციის შეწყვეტისას საუნივერსიტეტო მაუწყებლობა შეწყდება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. 

დღესვე დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „დედაენის" ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, „დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს თვითნებური ცვლილებებისგან. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. 

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის დადგენილების პროექტი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

როგორც მომხსენებელმა, სერგო რატიანმა განმარტა, დადგენილების პროექტი, მოაწესრიგებს სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ბრძანებით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობით გაცემის საკითხს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: საუნივერსიტეტო მაუწყებლობის წარმოება მხოლოდ ავტორიზებულ უნივერსიტეტებს შეეძლება, 2019 წლის 15 აპრილი
  • მარიამ ჯაში: საუნივერსიტეტო მაუწყებლობის წარმოება მხოლოდ ავტორიზებულ უნივერსიტეტებს შეეძლება, 2019 წლის 15 აპრილი
  • მარიამ ჯაში: საუნივერსიტეტო მაუწყებლობის წარმოება მხოლოდ ავტორიზებულ უნივერსიტეტებს შეეძლება, 2019 წლის 15 აპრილი