მარიამ ჯაშისა და ევროსაბჭოს ექსპერტების შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს

10 ივლისი 2018
მარიამ ჯაშისა და ევროსაბჭოს ექსპერტების შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ევროსაბჭოს ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც 4 ქვეყანას წარმოადგენდნენ: ფინეთს, პოლონეთს, ბელგიას და ესპანეთს. შეხვედრის მთავარი თემა იყო სახელოვნებო განათლების მიმართულებით არსებული პოლიტიკა და ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში აღნიშნული მიმართულების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„საკითხი ეხება როგორც ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებს, ასევე, არაფორმალურ განათლებას. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს არსებულ სიტუაციაზე; საქართველოში დანერგილ მრავალფეროვნებაზე, როგორც მართვის, ასევე, მეთოდოლოგიური კუთხით. ბუნებრივია, ამ სისტემას თავისი უპირატესობებიც აქვს, თუმცა ძირითად გამოწვევად რჩება სახელოვნებო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, პირველ რიგში, ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში, განსაკუთრებით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ასევე მნიშვნელოვანია არაფორმალურ ანუ სამუსიკო სასწავლებლებში, სახელოვნებო სკოლებში ხელმისაწვდომობის პრობლემის მოწესრიგება“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საუბარი შეეხო პედაგოგთა კვალიფიკაციასა და მოტივაციას. „სამწუხაროდ, დღეს სახელოვნებო სკოლების პედაგოგები ბევრად უფრო დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე სკოლებში ხელოვნების მიმართულებით მოღვაწე პედაგოგები, თუმცა იქაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვჭირდება სამომავლო“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე სამთავრობო რესტრუქტურიზაციის პროცესზე, რომელიც განათლებისა და კულტურის უწყებების გაერთიანებას ეხება. „ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, რომ სახელოვნებო განათლება ყველა საფეხურზე მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, დასავლეთის წარმატებული ქვეყნების თითქმის ყველა საჯარო სკოლას აქვს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა სახელოვნებო განათლების მიმართულებით.

„ძლიერი სახელმწიფოების პრაქტიკულად ყველა სკოლაში მოქმედებს სასკოლო ორკესტრი შესაბამისი მუსიკალური ინსტრუმენტებით. ბუნებრივია, ეს ცვლილებები მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც ამ ეტაპზე არ შეიძლება იყოს რეალისტური საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სახელოვნებო განათლება მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ თუნდაც მციერ ინვესტიციებით. ჩვენ გვაქვს ქართული უნიკალური ფოლკლორის სხდვადახვა მიმართულებები, რომელიც შეგვიძლია სისტემურად გავაძლიეროთ და ბევრი ბავშვი მოვიცვათ სკოლებში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში კომიტეტი მისიის წარმომადგენლების მხრიდან ელოდება რეკომენდაციებს, რომელსაც დეტალურად განიხილავს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

გალერეა

  • მარიამ ჯაშისა და ევროსაბჭოს ექსპერტების შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს, 2018 წლის 10 ივლისი
  • მარიამ ჯაშისა და ევროსაბჭოს ექსპერტების შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს, 2018 წლის 10 ივლისი
  • მარიამ ჯაშისა და ევროსაბჭოს ექსპერტების შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს, 2018 წლის 10 ივლისი