საქართველოს პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - „გაზაფხულის ფერები“ გაიმართა

12 აპრილი 2019
საქართველოს პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - „გაზაფხულის ფერები“ გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და მშობელთა ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“ - ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვა - „გაზაფხულის ფერები“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ხელნაკეთი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

დამსწრეებს სიტყვით კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მიმართა და განაცხადა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა და მათი მშობლების მონაწილეობით, საშობაო და წინასააღდგომო ღონისძიებები საქართველოს პარლამენტში უკვე ტრადიციად იქცა. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობის მსგავსად, ყველა საჯარო დაწესებულებაში გარემო მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული.

„გასახარია, რომ პარლამენტის შენობა გახდა საკმაოდ მშობლიური. თითქოს, ჩვენი საერთო სივრცეა და სწორედ ასე უნდა იყოს ყველა შენობა, ყველა დაწესებულება, რომელიც არის საჯარო. ბუნებრივია, პირველ რიგში უნდა ვზრუნავდეთ, რომ ყველა ბავშვისთვის გარემო იყოს ადაპტირებული, ასევე, იქმნებოდეს ყველა პირობა მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა რამდენიმე სიახლეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობელთა აქტიური ჩართულობით, ინკლუზიური განათლება პრიორიტეტი გახდა კანონის დონეზე და პირობები გაუმჯობესდა სპეცპედაგოგებისთვისაც, თუმცა, მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განათლების, ასევე, ჯანდაცვის სერვისების გასაუმჯობესებლად, ზრუნვა გრძელდება.

სიტყვით გამოსვლისას, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის წევრს, შოთა შალელაშვილს მადლობა გადაუხადა იმ ინიციატივისთვის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

„ჩვენ ბევრ პროექტზე ვიმსჯელეთ და თქვენი პირადი არჩევანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ასევე, უფროსი ასაკის თაობისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და სრული გამართვა სასწავლო პროცესითა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ეს პროექტი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა შოთა შალელაშვილმა. დეპუტატმა მარიამ ჯაშსა და კომიტეტის აპარატს მადლობა გადაუხადა.

„თქვენი ინიციატივების ერთერთი გამზიარებელი ვარ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც საშუალება მომცა, ასეთი სარეაბილიტაციო ცენტრი ავაშენო ქვეყნისთვის. მხარში დგომა, ჩვენი მხრიდან, გარანტირებული იქნება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ თქვენს გვერდით ვიდგეთ და ამის პირობას გაძლევთ“, - მიმართა შეკრებილებს შოთა შალელაშვილმა.

დამსწრეებს მიმართა ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“ - ის დამფუძნებელმა, ნინო გულუამ, რომელმაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტსა და თბილისის მერიას თანადგომისთვის და ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო გულუამ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობაზე და საქართველოს პარლამენტის წევრს, შოთა შალელაშვილსა და მის ოჯახს, ცენტრის მშენებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ოცნება - საქართველოში გაიხსნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი - რეალობად იქცა. ამ პროექტის ავტორი და დამფინანსებელი არის შოთა შალელაშვილი და მისი ოჯახი. სარეაბილიტაციო ცენტრი 40 პაციენტზე იქნება გათვლილი - ფსოქოსოციალური რეაბილიტაცია, ფიზიკური რეაბილიტაცია, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ შოთა შალელაშვილის მოთხოვნით, პროექტში ჩაისვა მშობელთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, სამედიცინო პერსონალის გადამზადება ევროპის წამყვან ცენტრებში“, -  განაცხადა ნინო გულუამ. 

ღონისძიების დასასრულს, მარიამ ჯაშმა, კომიტეტის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის სახელით, ბავშვებს საჩუქრები გადასცა.