სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა

13 თებერვალი 2018
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვამდე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ ჯგუფის წევრებს აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წელს დაგეგმილი 86 ანგარიშიდან, 70 უკვე პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის არის მიწოდებული. დასრულებულია ყველა დანარჩენ ანგარიშზე მუშაობა, რასაც აუდიტის სამსახური მათი დამტკიცების შემდეგ წარმოადგენს. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან 30 არის ფინანსური, 24 - შესაბამისობის, 8 კი ეფექტიანობის ანგარიში. 2018 წელს კი სამსახური საკანონმდებლო ორგანოში 102 ანგარიშის წარმოდგენას გეგმავს, რაც პრაქტიკულად ბიუჯეტის 80%-ზე მეტს მოიცავს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ კონსტიტუცია, სადაც აუდიტის სამსახურის მნიშვნელობა ახალ დონეზეა ასული და მას დაარეგულირებს ორგანული კანონი. ჩვენ უნდა მივიღოთ პარლამენტის ახალი რეგლამენტი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევქმნით ისეთ მექანიზმს, რომელიც კიდევ მეტად გააღრმავებს და გააძლიერებს აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის საქმიანობას, რაც იქნება გარანტი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ჯგუფის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული „ინკლუზიური სწავლება“, 2017 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს. სამუშაო ჯგუფის სხდომაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

სხდომას აუდიტის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალური აუდიტორის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ანგარიში ერთ-ერთი საუკეთესოა და ანგარიშში დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად, ყველა ასახული რეკომენდაცია პრაქტიკულად სრულად არის გათვალისწინებული და ამ მიმართულებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, კონკრეტული ღონისძიებებიც არის გატარებული.

„ინკლუზიური სწავლება“, 2017 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში აუდიტის სამსახურის უფროსმა აუდიტორმა მარიამ ზაალიშვილმა წარადგინა და ჯგუფის წევრებს აუდიტის მიზანზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, ანგარიშში ასახული ხარვეზებისა და სამსახურის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ სამუშაო ჯგუფის სხდომამ მუშაობა დისკუსიის რეჟიმში გააგრძელა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვა. „მისასალმებელია, რომ ჩვენ სისტემატიურ რეჟიმში ვიწყებთ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების განხილვას და პოლიტიკის და პროგრამირების თვალსაზრისით, ეფექტიანობის ანგარიშს და პროგრამულ აუდიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. კონკრეტულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, აუდიტის სამსახურის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საკუთრი მოსაზრებები წარმოადგინეს და პოზიციები დააფიქსირეს.

დისკუსია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეაჯამა.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ მიუხედავად ამ მიმართულებით არსებული დიდი პროგრესისა, არავის გვაქვს ილუზია, რომ ეს სისტემა არის ეფექტურად და სრულყოფილად გამართული. პროგრესის მიუხედავად, რესურსების დონე განათლებაში რჩება დაბალი, როგორც ზოგადად, საგანმანათლებლო პროგრამებთან, ასევე ინკლუზიასთან მიმართებაში. ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსი როგორც ინფრასტრუქტურის საბოლოოდ გამართვისთვის, ასევე სპეც-პედაგოგების ფინანსური და პროფესიული მოტივაციისთვის, ის რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ პროფესიულ ტრენინგებს, არამედ პროფესიული განვითარების გეგმებს, არის ცალსახად ის მიმართულება, რომელიც ჩვენ უნდა დავხვეწოთ. რამდენიმე რეკომენდაცია სრულ თანხვედრაშია ჩვენი განხილვების დროს გამოთქმულ მოსაზრებებთან. და ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი რეკომენდაციები ფინანსური და პროგრამული აუდიტის განხრით, კიდევ უფრო კარგ პლატფორმას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ გავააქტიუროთ ადვოკატირება ამ მიმართულებებზე.

მსჯელობა, რომელიც დღეს წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ არის საკითხები, რაშიც ბუნებრივია ერთმანეთს არ ვეთანხმებით, არის ძალიან პოზიტიური დინამიკა და ტენდენცია, რომ უფრო მეტი ეფექტურობის და პროგრამული აუდიტის ანგარიშები მოვისმინოთ და შემდგომ პროცესში გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სამუშაო სხდომის დასასრულს მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2018 წლის 13 თებერვალი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2018 წლის 13 თებერვალი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2018 წლის 13 თებერვალი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2018 წლის 13 თებერვალი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2018 წლის 13 თებერვალი
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა, 2018 წლის 13 თებერვალი