სექტემბერში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტს მუშაობის სრულ ანგარიშს წარუდგენს

03 აგვისტო 2018
სექტემბერში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტს მუშაობის სრულ ანგარიშს წარუდგენს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაში დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ ჩუხუა და დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

გიორგი ალიბეგაშვილმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობასა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

განიხილეს, ასევე, ქართული ენის სტანდარტიზაციისა და ტრანსლიტერაციის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენების ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე და, პირიქით, ქართული ენის ბგერითი სისტემების ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენებზე ტრანსლიტერაციის წესების შემუშავება და დახვეწა, რაც აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო, სამხედრო და კულტურული მიმართლების ორგანიზაციებთან სრულფასოვანი ურთიერთობისათვის.

გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისია მუშაობს ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების სისტემაზე, რომელიც საერთო ევროპულ რეკომენდაციათა ჩარჩოს შეესაბამება.

სისტემა გულისხმობს ენის სწავლებას ოთხი ენობრივი კრიტერიუმის მიხედვით. სამომავლოდ, აღნიშნული კრიტერიუმებით შემუშავებული საგამოცდო პროგრამის მეშვეობით მოხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და საჯარო უწყებაში იმ პირთა მიღება, რომელთაც ქართულ ენაზე განათლება არ მიუღიათ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2018 წლის საშემოდგომო სესიისთვის დასრულდება მუშაობა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე რეკლამის სახელმწიფო ენაზე გავრცელების წესი შემუშავდება.

კანონპროექტის მიხედვით, რეკლამა ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტრანსლიტერაციის წესებს უნდა შეესაბამებოდეს.

სექტემბერში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მუშაობის სრული ანგარიშის წარდგენა იგეგმება.

გალერეა

  • სექტემბერში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს პარლამენტს მუშაობის სრულ ანგარიშს წარუდგენს, 2018 წლის 3 აგვისტო