გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მორიგი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაასრულა

12 აპრილი 2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  მორიგი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაასრულა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო უწყებების მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართა.

ამჯერად თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის დეპუტატმა წევრებმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ალვერდ ჩანქსელიანს და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირმა გურგულიანს მოუსმინეს.

აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით,  ამ მოკვლევის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უკვე მოუსმინეს არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ზოგიერთი საჯარო უწყების წარმომადგენლებს, რა დროსაც გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, მათი გადაჭრის თაობაზე კი რეკომენდაციებიც იყო წარმოდგენილი. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა,  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამ მოსმენებზე ტარიფების საკითხი გამოიკვეთა.

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალვერდ ჩანქსელიანმა ჯგუფის წევრებს სამინისტროს ხედვა და პოზიცია გააცნო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც მათი სამსახური აღმოჩნდა.

მან წარმოადგინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ზოგადად როგორია კონცეპტუალური მიდგომა ქვეყანაში მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, როგორია საკანონმდებლო ბაზა, როგორია სტრატეგიული მიმართულებები და რას ითვალისწინებს ამავდროულად ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, რა ადგილი უკავია ამ საერთო კონტექსტში სატარიფო პოლიტიკას.

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანას აქვს ნარჩენების მართვის სტრატეგია 2016-2030 წლებისთვის, ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის შემუშავებულია პირველი ხუთწლიანი გეგმა  და განსაზღვრულია შესაბამისი ღონისძიებებიც. მისივე თქმით, მყარი ნარჩენების კოდექსის მიღების შემდეგ, მთავრობამ სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენებთან მიმართებაში თორმეტამდე კანონქვემდებარე აქტი მიიღო. მან ასევე ისაუბრა უახლოესი პერიოდის გეგმებზე.

ალვერდ ჩანქსელიანის განცხადებით, ქვეყანას მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ადეკვატური სისტემა უნდა ჰქონდეს და ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. მისივე თქმით, დღევანდელი სატარიფო პოლიტიკა რეალობას ვერ პასუხობს.

შეხვედრა, ძირითადად,  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ყველა მხარე ერთიანი იყო იმ მოსაზრებაში, რომ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემა გასაუმჯობესებელია ადგილობრივ დონეზე, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ სწორი დირექტივები, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ კანონის აღსრულება, რომელიც მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს  ტარიფების დადგენას, უფრო ეფექტურად მოხდეს.

სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სამოქმედო გეგმა ხორციელდება, თუმცა მის განხორციელებაში არის ხარვეზები და აუცილებელია პერიოდულად ხდებოდეს ამ სამოქმედო გეგმის განახლება ახალი რეალობების გათვალისწინებით. აღინიშნა ასევე, რომ, შესაბამისად, მოხდება ეროვნული გეგმა-სტრატეგიის გადახედვა ევროკავშირის ახალი დირექტივის შესაბამისად, ცირკულარული ეკონომიკის კონტექსტში.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის  განცხადებით კი, თუ მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფილად, შეუფერხებლად ამოქმედებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი, პარლამენტი ამისათვის მზადაა.

როგორც  მოსმენის შემდეგ კახა კუჭავამ განაცხადა, დღევანდელი ღონისძიებით თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაასრულა ზეპირი მოსმენები, რის შემდეგაც დაიწერება ანგარიში კონკრეტული რეკომენდაციებით, კონკრეტული სახელმწიფო უწყებების მიმართ, თუ რა ვადებში, რა კონკრეტული ქმედებები უნდა განახორციელონ მათ, რომ მოკვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული პრობლემები  საბოლოოდ აღმოიფხვრას.

თემატური მოკვლევის პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  მორიგი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  მორიგი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  მორიგი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  მორიგი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  მორიგი თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი