გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

10 ოქტომბერი 2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა.

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად დაფუძნებულია იმ პოლიტიკურ დოკუმენტზე, რომელსაც მთავრობასთან ერთად ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

მისი თქმით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

„2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით, მშპ-ის დეფლატორი დაგეგმილია 3,5%-ის ფარგლებში. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა იქნება 45.1 მლრდ ლარი. 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები, ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 12 611.6 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარით; გრანტები - 266.7 მლნ ლარით; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარით; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა - 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 110.0 მლნ ლარით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 500.0 მლნ ლარის ოდენობით; საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 105.0 მლნ ლარის ოდენობით; აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 130.0 მლნ ლარის ოდენობით; ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან (MFA) (EU) მისაღები სახსრები – 60.0 მლნ ლარის ოდენობით; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1 365.0 მლნ ლარის ოდენობით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით.

მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365.0 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 279.1 მლნ ლარს, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 240 მლნ. ლარით შეადგენს 3 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 048.6 მლნ ლარამდე; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0მლნ; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი, აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7მლნლარს.
  •  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 965.0 მლნ ლარი, რაც 139.8 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 23.7 მლნ ლარით და განსაზღვრულია 1 485.0 მლნ ლარით.
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 298.1 მლნ ლარი საიდანაც, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის გამოყოფილია 58.1 მლნ ლარი, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 35.0 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 11.0 მლნ ლარზე მეტი; ერთიანი აგროპროექტის დასაფინანსებლად - 89.6 მლნ ლარი, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის-49.0მლნლარი; დანერგე მომავალის დასაფინანსებლად-13.0მლნ. ლარი; სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის - 13.0მლნლარი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის - 76.7 მლნ ლარი; გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის - 11.3 მლნ ლრი; დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 10.8 მლნ ლარი; სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვისთვის - 10.0 მლნ ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 324.7 მლნ ლარზე მეტი; 
  • იუსტიციის სამინისტროსთვის - 184.9 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 127.0 მლნ ლარი;
  • თავდაცვის სამინისტროსთვის - 790.0 მლნ ლარი; 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 643.5 მლნ ლარი;

„ჩვენ გვაქვს 2 თვე იმისთვის, რომ ბიუჯეტის საბოლოო ფორმირება მოხდეს. გავაგრძელებთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა საბოლოოდ მივიღოთ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსების საშუალება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებელმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანმდევი - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტები წარადგინა.

„პროექტში ცვლილებები დაკავშირებულია სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან, მათ შორის გათვალისწინებულია სარეზერვო ფონდების მოცულობის რეგულირება. დღეს არსებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 2%-ის ნაცვლად, პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს, ხოლო მისი ზრდა შესაძლებელია არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. ასევე, იცვლება მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა. საშემოსავლო გადასახადის და გათანაბრებითი ტრანსფერის ნაცვლად მუნიციპალიტეტებში მიიმართება დღგ-ს 19%, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების მოცულობას და შესაბამისად გაზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ცვლილების შედეგად 2019 წლისთვის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შევა 946 მლნ ლარი ანუ 110 მლნ ლარით მეტი ვიდრე 2018 წელს იყო ეს რესურსი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იქნება ზრდადი.

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონპროექტში ცვლილებები მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად და ითვალისწინებს არსებული ფისკალური წესების შემდგომ დახვეწას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  ზაზა ხუციშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა.

„მინდა მეტყევეებს ჩვენი კომიტეტის სახელით მივულოცო პროფესიული დღე და წარმატება ვუსურვო მათ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, როგორც ხელმძღვანელობას ასევე, რიგით თანამშრომლებს, ვინც საქართველოს ტყეებს იცავენ“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და სამთავრობო გუნდს იმისთვის, რომ კომიტეტის მოთხოვნა ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო რითიც მეტყევეების ხელფასი იზრდება.

მომხსენებელმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, 2018 წლის 10 ოქტომბერი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, 2018 წლის 10 ოქტომბერი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, 2018 წლის 10 ოქტომბერი