გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შესახებ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1992 წელს შეიქმნა. კომიტეტს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ფუნქცია აქვს.

იგი მონაწილეობს კანონპროექტების შედგენის პროცესში და განიხილავს მთავრობის ან სხვა საპარლამენტო კომიტეტების ინიციატივით შემოსული კანონპროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. 

კომიტეტის მთავარი მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი საქმიანობის და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოსა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის განსაზღვრა, შესაბამის ღონისძიებათა კოორდინირება და აღსრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება.

კომიტეტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ევროკავშირისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული გარემოს დაცვის პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვის გარემოსდაცვითი სამართლებრივი ნორმატიული ბაზის დახვეწა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა, სატყეო რეფორმის გატარება, მონიტორინგის ქსელის გაფართოება, უკანონო ზედამხედველობის სისტემის გამართვა.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს 2014 წელს საქართველოს მიერ ხელმოწერილ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების ეტაპობრივ ასახვას გარემოსდაცვით კანონმდებლობაში.კომიტეტი ასევე მონიტორინგს უწევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს.

კომიტეტის შემადგენლობაში შედის 15 წევრი, ხოლო აპარატის შემადგენლობაში - 10 თანამშრომელი.