დებულება


საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოკვლევის სამუშაო ჯგუფის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

1.1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი „თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოკვლევის შესახებ“ შექმნილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის 2018 წლის 18 აპრილის N6 განკარგულების საფუძველზე.

1.2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას განკარგულებით ნიშნავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

1.3. სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

თავი II

სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზნები

2.1. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანი

სამუშაო ჯგუფის მიზანია, თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოკვლევის ჩატარება, კერძოდ ფაქტებით დადასტურებული პოზიციის მიღება/შესწავლა, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისთვის.


თავი III

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის წესი

3.1. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის წევრები.

3.2. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

3.3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე წარმართავს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას. მისი არყოფნის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

3.4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ირჩევს მდივანს, განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმას, საქმიანობის პრიორიტეტებს.

3.5. სამუშაო ჯგუფის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი მართავს დახურულ სხდომას. სამუშაო ჯგუფის სხდომის დახურულ ფორმატში წარმართვის შესახებ შუამდგომლობა, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება წარუდგინოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მყოფმა ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ.

3.6. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კითხვის დასმის უფლება აქვთ სამუშაო ჯგუფის დეპუტატ წევრებს. აგრეთვე დამსწრე პირებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

3.7. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ მომხსენებლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

3.8. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასასწრებად მოწვეულ იქნებიან დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ტელე/რადიო რეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში. გარდა ამ დებულების 3.5. პუნქტში მოყვანილი გამონაკლისი შემთხვევისა.

3.9. სამუშაო ჯგუფი განიხილავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია კომიტეტის აპარატში შემოსული დადასტურებული პოზიციის საფუძველზე.

3.9.1. დადასტურებული პოზიცია წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, წერილობითი ფორმით, მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარებულ დოკუმენტს.

3.10. დადასტურებული პოზიციების მიღების შემდეგ, კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციებს, გამოავლენს იმ პირებს რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან სამუშაო ჯგუფში, ზეპირი მოსმენის ეტაპზე და წარმოადგენენ თავიანთ დადასტურებულ პოზიციებს, ზეპირსიტყვიერად, მომხსენებლის სტატუსით.

3.11. წერილობითი და ზეპირი დადასტურებული პოზიციების გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები მოისმენენ განმარტებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, და იმსჯელებენ საკითხის გადაჭრის გზებზე. ზეპირი მოსმენა წარიმართება სამუშაო ჯგუფის წევრებთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
3.12. მომხსენებელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის წევრი.

3.13. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე

3.13.1. იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, დასკვნებს და სხდომის ოქმებს.

3.13.2. უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, საჭიროების მიხედვით მოიწვიოს შესაბამისი დარგის სფეროში მომუშავე ექსპერტები, სპეციალისტები და მომხსენებლები ზეპირი მოსმენის ჩასატარებლად.

თავი IV

სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა

4.1. სამუშაო ჯგუფის წევრთაგან სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივანს ნიშნავს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.

4.2. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზაციულ/ტექნიკურ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი.

4.3. სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივანი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომების ჩატარებას, საქმის წარმოებას, ხელს აწერს სხდომის ოქმებს, ასრულებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის დავალებებს.

თავი V

სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების შეწყვეტა

5.1. სამუშაო ჯგუფის დებულებასა და შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

5.2. სამუშაო ჯგუფს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულებით.

5.3. სამუშაო ჯგუფის დებულებაში ცვლილებების შეტანა ან დებულების გაუქმება ხდება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულებით.