„მსჯელობის და პოლიტიკური დისკუსიის შემდგომ შევთანხმდებით როდის იქნება მიზანშეწონილი კომიტეტის სხდომის გამართვა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კვირაში უკვე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვაცნობებთ საზოგადოებას ამის შესახებ“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის კომენტირებისას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, როგორც მისი, ასევე გუნდის პოზიციაც არის ის, რომ ამ კვირაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ჩატარდეს კომიტეტის სხდომა და მთელი კვირა მსჯელობას, დისკუსიას და მოსაზრებების გაცვლას დაეთმოს.
„ჩვენ მოვუსმენთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მექნება კონსულტაცია სახალხო დამცველთან, კომიტეტის ფარგლებში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წევრებთან და უფრაქციო პარლამენტარებთან“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა მიესალმება იმ მაღალი სტანდარტით წარმართულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას და ამაში თავისი კონსტრუქციული წვლილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც შეიტანეს.
„ეს იყო მაღალი სტანდარტი, ეს იყო ჩვენი გუნდის დამსახურება და რა თქმა უნდა, ამაში თავისი წვლილი შეიტანეს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.