ახალი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში ქმედუუნარობის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს

06 მარტი 2015
ახალი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში ქმედუუნარობის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს

 „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 67 კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი განიხილეს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. 

კანონმდებლების შეფასებით ესაა ქმედუუნარობის სისტემის რეფორმა, რაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლას ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ. კერძოდ, ახლებურად ჩამოყალიბდება იმ პირთა ცნება, რომლებიც დღეს მოქმედი კანონის თანახმად მიიჩნევიან ქმედუუნარო პირებად „ჭკუასუსტობის“ და „სულიერი მოშლილობის“ გამო. კანონპროექტის მიღებით მოხდება დღეს არსებული სრული უგულებელყოფის სისტემის ნაცვლად, მხარდაჭერისა და გამონაკლის შემთხვევებში, ჩანაცვლების მექანიზმების შემოღება. 

კანონპროექტის თანახმად შემოთავაზებული ინდივიდუალური შეფასების შემოღება, რომელიც არ დაეფუძნება მხოლოდ სამედიცინო მოდელს და მასში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს სოციალური შეფასების სისტემაც. ასევე, გაძლიერდება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა. იცვლება ტერმინებიც და „ჭკუასუსტობის“ და „სულიერი მოშლილობის“ ნაცვლად შემოვა „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე“ პირი, იგივე „მხარდაჭერის მიმღები“ პირი. ასეთი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილება განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მან არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუუნარობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს „სამოქალაქო კოდექსში“ ქმედუუნარობის ამსახველი ნორმების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კანონპროექტის ინიციატორი არის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელმაც ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა ექიმების, ფსიქოლოგების, სოციოლოგების და სხვა შესაბამისი პროფილის სპეციალისტების შემადგენლობით.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • ახალი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოში ქმედუუნარობის სისტემის რეფორმას ითვალისწინებს, 2015 წლის 6 მარტი