ეკა ბესელია: „ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“

11 ოქტომბერი 2017
ეკა ბესელია: „ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ლადო ჭანტურია ევროპული სასამართლოს მოსამართლედ.

„ლადო ჭანტურიას სახით, საქართველოს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საპარლამენტო ასამბლეამ, მართლაც შთამბეჭდავი ხმის უმრავლესობით აირჩია ის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც იმავდროულად სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია, 29 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში, სადაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების მოსმენა გაიმართა.


გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

„ჩვენ გვყავდა ღირსეული კანდიდატები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აირჩია ბატონი ჭანტურია ხმათა უმრავლესობით. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და პირადად ბატონ ლადო ჭანტურიას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.