ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

06 მარტი 2018
ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. 

ეკა ბესელია სტაჟიორებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ეს არის ინსტიტუტი, რომელიც განაპირობებს ყველაზე მთავარს ქვეყანაში - როგორი კანონებით ცხოვრობს ჩვენი სახელმწიფო. ხელისუფლების სამივე შტოს აქვს უნივერსალური და უნიკალური ფუნქცია, როგორც აღმასრულებელს, ასევე, სასამართლო ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლების ეს ორი შტო ცხოვრობს სწორედ იმ კანონებით, რომელსაც საპარლამენტო ინსტიტუტი ქმნის. ეს არის ორგანო, რომელიც, ასევე, აკონტროლებს, როგორ ხდება ამ კანონების დაცვა და არის ადგილი, სადაც პოლიტიკა იქმნება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ახალგაზრდებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.

„კანონების 80 % სწორედ ამ კომიტეტში იქმნება, თუმცა, საქართველოს პარლამენტის ყველა კომიტეტი და დეპარტამენტი უნიკალურია, რადგან ყველას აქვს საკუთარი ის ფუნქცია, რომელსაც სხვა ვერ იმეორებს“, - განმარტა დეპუტატმა.

ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც პარლამენტი ძლიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სტაბილური დემოკრატიული გარემოა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სტაჟიორებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად პარლამენტის დომინანტური როლი გამოიკვეთა.

„თუ პარლამენტი არის ძლიერი, ქმნის კარგ კანონს და შემდეგ აკონტროლებს ამ კანონის შესრულებას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის სტაბილური დემოკრატიული გარემო და სივრცე. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულებაც იზრდება. საქართველოს კონსტიტუციის ბოლო ცვლილებების ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტის ძლიერი მოდელის სტრუქტურირების პროცესს. საქართველო ისედაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, მაგრამ ამ ცვლილებებით პარლამენტის დომინანტური, ძლიერი როლი გამოიკვეთა. საპრეზიდენტო მმართველობიდან ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში სტაჟირება და პრაქტიკის გავლა პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ეკა ბესელიამ, ასევე, საჯარო მოხელის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების, ასევე, ეთიკური სტანდარტების შესახებ ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ ის სიახლეებიც გააცნო ახალგაზრდებს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში უკანასკნელ პერიოდში წარმატებით დამკვიდრდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, არსებული მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილეს. ქვეყანაში არსებული აქტუალური თემების შესახებ ახალგაზრდებმა შეხვედრაზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებებიც წარადგინეს. დეპუტატი სტაჟირების განმავლობაში ახალგაზრდების მიზნებითა და მოლოდინებით დაინტერესდა.

შეხვედრის ბოლოს, ეკა ბესელიამ ახალგაზრდებს პარლამენტში ყოფნის პერიოდში საჯარო მოხელის უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამომუშავება ურჩია და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, რადგან მისივე თქმით, ახალგაზრდული რესურსი და ენერგია ამ პროცესებში საკმაოდ მნიშვნელოვანია.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ახალგაზრდები სტაჟირებას პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადიან. სტაჟიორები საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, ისინი ესწრებიან კომიტეტების სხდომებს და დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან. სტაჟირების პროცესი პარლამენტის ცალკეული კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელთა ორგანიზებას საკადრო საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს.

გალერეა

  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი
  • ეკა ბესელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა, 2018 წლის 6 მარტი