ეკა ბესელიამ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

31 დეკემბერი 2018
ეკა ბესელიამ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფი ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მუშაობას განაგრძობს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე. აღნიშნული ცენტრის შექმნა პარლამენტის ღია მმართველობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მე-4 ვალდებულებაა და მისი ინიციატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციას, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ახალ ინოვაციურ ფორმატებს და შეთავაზებებს მოქალაქეებისთვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, დაგეგმილია ცენტრის რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობით აღჭურვა, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მოსული მოქალაქე პარლამენტზე შთაბეჭდილებას, პირველ რიგში, ამ ცენტრით იქმნის.

„პარლამენტის ღია მმართველობის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან რეფორმაზე. ეს არის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, რომელიც პარლამენტის პირველი სახეა, როდესაც მოქალაქე პარლამენტში თავისი პრობლემით და წუხილით მოდის. საკანონმდებლო ორგანოში მოსულ მოქალაქეს პირველი სწორედ ამ მისაღების წარმომადგენლები ხვდებიან.

მოქალაქეთა მისაღები ძალიან შრომატევად სამუშაოს ასრულებს და გვინდა, რომ ამ სამსახურს დავეხმაროთ და მოხდეს მის ტრანსფორმირება ისე, რომ იმ საუკეთესო კადრებს, რომელიც გვყავს, შევაშველოთ ახალი ტექნოლოგიები, ახალი სერვისები, რომლითაც პარლამენტში მოსულ მოქალაქეებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა მიიღონ ყველა ინფორმაცია რით შეიძლება დაეხმაროს მათ პარლამენტი, როგორც შეიძლება პარლამენტმა მიაწოდოს მათ არსებული ყველა სერვისი. ამისთვის დამზადდება ვიზუალური მასალა, გავაკეთებთ ნიმუშებს შაბლონების სახით, როგორ უნდა შეივსოს განცხადება, როგორ უნდა დაიწეროს პეტიცია. გვინდა, რომ მეტი შესაძლებლობებით აღვჭურვოთ ეს ცენტრი იმისთვის, რომ მან სწორი მიმართულება მისცეს პარლამენტში შემოსულ ყველა კორესპონდენციას თუ მასალას შესაბამის კომიტეტებთან“,-აღნიშნა ეკა ბესელია.

მისივე თქმით, დაგეგმილია კონცეფციაზე მუშაობის იანვარში დასრულება, რის შემდეგაც დოკუმენტი წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

„მხარდაჭერის შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი, თანამედროვე ტიპის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • ეკა ბესელიამ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
  • ეკა ბესელიამ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
  • ეკა ბესელიამ პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა