ევროპის საბჭოს ექსპერტის ჯოსეფ ა. კანატაჩის ვიზიტი საქართველოში

27 მარტი 2014
ევროპის საბჭოს ექსპერტის ჯოსეფ ა. კანატაჩის ვიზიტი საქართველოში

დღეს, ვიზიტის პირველ დღეს, ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჯოსეფ ა. კანატაჩმა სამუშაო შეხვედრა კანონპროექტების ავტორებსა და ექსპერტებთან გამართა. საკითხი ეხება ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.
აღნიშნულ თემაზე საკანონმდებლო წინადადებით არასამთავრობო სექტორის წევრებმა პარლამენტს რამდენიმე თვის წინ მიმართეს, რის საფუძველზეც, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა შავგულიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შესაბამისად, მომზადდა კანონპროექტთა პაკეტიც. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, კანონპროექტების ექსპერტიზის მიზნით, ქართველმა კანონმდებლებმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს და ცნობილ გერმანელ ექსპერტებს მიმართეს.
კანონპროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მოსმენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს გამოძიების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ეს აუცილებელია დანაშაულის გასახსნელად. ამასთანავე, უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომ ერთი მხრივ გამოირიცხოს ფარული, უკანონო მოსმენები, მეორე მხრივ, ის ჩანაწერები, რომლებიც არ უკავშირდება გამოძიებას და, ამასთანავე, პირადი ხასიათისაა, უნდა იქნას განადგურებული.
ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნა, შენიშვნები და წინადადებები გააცნო ქართულ მხარეს ჯოსეფ ა. კანატაჩმა, რომელიც ევროპის საინფორმაციო პოლიტიკის და ტექნოლოგიური სამართლის თავმჯდომარეა; უსაფრთხოება, ტექნოლოგია და ელექტრონული უსაფრთხოება (STEP) კვლევითი ჯგუფის თანადირექტორი და ევროპული და ეკონომიკური სამართლის დეპარტამენტის, იურიდიული ფაკულტეტის, გრონინგენის უნივერსიტეტის ხელმძღვანელია (მალტა). იგი საქართველოს ორდღიან ვიზიტად ეწვია.
ევროსაბჭოს ექსპერტთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ლიკა საჯაია, ასევე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ტანია ვან დაიკი.
მხარეები მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ იმავდროულად, დანაშაული გაუხსნელი არ უნდა დარჩეს. მართალია ექსპერტებს გარკვეული ხასიათის შენიშვნები აქვთ, მაგრამ არსებითად იზიარებენ კანონპროექტის ზოგად საფუძვლებს.
„ჩვენ გადავეცით ევროსაბჭოს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას, პარლამენტს. ახლა მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. სამყარო სწრაფად ვითარდება და საქართველოც არ უნდა ჩამორჩეს დანარჩენ მსოფლიოს, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და იმედი მაქვს, საქართველოშიც ეს ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ამას მოითხოვს ცივილიზებული სამყარო“, - განაცხადა ევროსაბჭოს ექსპერტმა.
დღესვე, მისი მონაწილეობით, გაიმართა ექსპერტებისა და კანონპროექტების ავტორების შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების - „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
ხვალ კი ჯოსეფ ა. კანატაჩი შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართავს, რის შემდეგაც დაგეგმილია პრესკონფერენციის გამართვა.

გალერეა

  • kacaze_15.00_.JPG
  • iuridiuli-27marti-1.JPG
  • kacaze1_15.00_.JPG
  • kacaze2_15.00_.JPG