გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში

18 დეკემბერი 2017
გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით (IDFI) სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.

რიგით მეორე თემატური ღონისძიება კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მეტი ჩართულობის საკითხების განხილვას ეთმობა. ამასთან, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები 2015 წელს OSCE/ODIHR-ის მიერ პარლამენტთან თანამშრომლობით მომზადებულ საკანონმდებლო პროცესის შეფასების დოკუმენტზე იმსჯელებენ და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

სამუშაო შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. „ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართება. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩვენ საინტერესო თემებზე გავხსნით დისკუსიას, რაც საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას და კანონპროექტების შემუშავების პროცესში მათ მონაწილეობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, პარლამენტი, რომელიც ყველაზე მაღალი ინსტიტუციაა - საკანონმდებლო და საზედამხედველო ორგანო, სხვადასხვა ფორუმების საშუალებით, ხსნიდეს და შესაძლებლობას აძლევდეს მოქალაქეებს, რომ ისინი იყვნენ საკანონმდებლო პროცესში ჩართულნი. ჩვენ მნიშვნელოვან ახალ სტანდარტებზე ვმუშაობთ, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების მონაწილეობას გაზრდის იმ კანონების შექმნაში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ეს არის ახალი ცვლილებები, რომლებზეც მუშაობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი OGP-ის სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და ეს ფორუმიც ემსახურება სწორედ ამ იდეას - მეტი მოქალაქე იყოს ჩართული, მეტად იყვნენ ინფორმირებულნი და მეტად ვითვალისწინებდეთ მათ მოსაზრებებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრის გამართვისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეუთოს ეგიდით, კომიტეტის უშუალო მხარდაჭერით და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს აქტიური თანამონაწილეობით ორდღიანი საინტერესო და სასარგებლო კონფერენცია გაიმართება, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტები ევროპის წამყვანი ქვეყნების პრაქტიკას და საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სტანდარტები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად ამკვიდრებენ. სტანდარტები, რომელიც ზრდის მოქალაქეების მონაწილეობას საკანონმდებლო პროცესში, აძლიერებს მათ ინტერესს და ასევე, საქართველოს პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, იყოს უფრო ახლოს თავის ამომრჩევლებთან და ესმოდეს მათი ხმა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს სამართლებრივ საკითხებში ODIHR-ის ასოცირებული ოფიცერი იური მარჩენკო მიესალმა. მომხსენებელმა ორგანიზაციის მიერ 2015 წელს მომზადებულ კანონშემოქმედებითი პროცესის შეფასების დოკუმენტზე და მისგან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ ანგარიში და მას სრულყოფილი შეფასებითი დოკუმენტი დავარქვით, რადგან იგი მოიცავს როგორც მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე კანონშემოქმედებითი პრაქტიკის ანალიზს. ექსპერტების ჩართულობით მომზადდა რეკომენდაციები, სადაც საუბარია ციფრული ტექნოლოგიების უკეთ გამოყენებასა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე“, - განაცხადა იური მარჩენკომ.

კანონშემოქმედებითი პროცესების ევროკავშირის გამოცდილების მაგალითებზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო ადმინისტრირების რეფორმების პროგრამის მენეჯერმა სოფი ჰუეტ-გერიშმა. მისი განცხადებით, კანონშემოქმედებით პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები ევროკავშირის ქვეყნებსაც აქვთ და ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ უკეთ შეძლოს კანონშემოქმედებითი პროცესების გაგება და მისი გაცნობიერება. „ჩვენ ვცდილობთ მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ პარლამენტი, ეს კი ახალი მექანიზმებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას საჭიროებს. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან და რამდენიმე ერთობლივი პროექტი უკვე განვახორციელეთ“, - განაცხადა სოფი ჰუეტ-გერიშმა.

კანონშემოქმედებით პროცესებთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემაც ისაუბრა. მან საკუთარი გამოსვლის ძირითადი ნაწილი ღია და გამჭვირვალე მმართველობის სტრატეგიასა და საქართველოს როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლსა და დანიშნულებაზე გაამახვილა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ მუშაობა თემატური განხილვებით გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებმა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში გამჭვირვალეობასა და საჯარო ჩართულობაზე, ასევე კანონებისა და პოლიტიკის შემუშავებისთვის საჯარო კონსულტაციების მნიშვნელობაზე მოხსენებები მოისმინეს და ღია დისკუსია გამართეს.

გალერეა

  • გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, 2017 წლის 18 დეკემბერი
  • გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, 2017 წლის 18 დეკემბერი
  • გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, 2017 წლის 18 დეკემბერი
  • გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, 2017 წლის 18 დეკემბერი
  • გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, 2017 წლის 18 დეკემბერი
  • გამჭვირვალობა და საჯარო ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, 2017 წლის 18 დეკემბერი