იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს

01 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს

 

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის. დღეს პარლამენტის წევრების, ვახტანგ ხმალაძისა და ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონპროექტი: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. პროექტის თანახმად, საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სია ფოტოსურათების გარეშე გამოიკვრება.
საუბნო საარჩევნო კომისიას კი სურათებიანი სია ექნება. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიეცემათ არჩევნებამდე 60 დღიან პერიოდში განახორციელონ საარჩევნო უბნებისთვის გამოყოფილი შენობა/ნაგებობების სათანადოდ მოწყობის დაფინანსება, თუ ეს შესაბამისი ბიუჯეტით არ იქნება გათვალისწინებული. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ის ამომრჩევლები, რომლებსაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღარ შევლენ. ასევე ფოტოსურათების გარეშე შედგება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, სამკურნალო დაწესებულებებში მყოფთა, პატიმართა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირთათვის განკუთვნილი გადასატანი ყუთის სია. კანონპროექტის განხილვისას, ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა გარკვეული მოსაზრებები გამოთქვა. მისი განცხადებით: “ცესკო-ს აქვს ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები და კარგი იქნება თუ კომიტეტი გაიზიარებს მათ და ეს ყველაფერი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა.“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გივი ლომინაძემ წარადგინა. პროექტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების აპარატების შემთხვევაში, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის სამართლებრივი მექანიზმებს და იმ მოხელეთა ნუსხას განსაზღვრავს, რომლებიც ატესტაციას არ ექვემდებარებიან. ინიციატორის განმარტებით, ცვლილება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებს, მთავრობის თავმჯდომარეებს, საშუალებას მისცემს მრჩევლები და თანაშემწეები უკონკურსოდ დანიშნონ.
იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტებს შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.