იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველ ქმედებებზე ახალი რეგულაციების შემოღებას მხარს უჭერს

07 აპრილი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველ ქმედებებზე ახალი რეგულაციების შემოღებას მხარს უჭერს

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველ ქმედებებზე ადეკვატურ რეაგირებას ითვალისწინებს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა. 

შემოთავაზებული კანონპროექტით, მთელი რიგი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, პროექტით ხდება ისეთი ქმდების კრიმინალიზაცია, როგორიცაა საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქნედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. კანონპროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე ისეთი ნოვაცია, როგორიცაა სხვა ქვეყნის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანების ან საბრძოლო/საომარ მოქმედებებში მონაწილეობის კრიმინალიზაცია. კანონპროექტით ასევე ფართოვდება კოდექსის 3271 მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას აწესებს მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით პირის გადაბირებისათვის. კანონპროექტით დასჯადი ხდება ასევე რომელიმე ტერორისტული დანაშაულის ჩასადენად პირის გადაბირებაც. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე უცხო სახელმწიფოში გამგზავრების ან გამგზავრების მცდელობის კრიმინალიზაციას ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების ან ამგვარ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, კანონპროექტის პირველადი ვარიანტი კომიტეტმა პირველად ორიოდე თვის წინ განიხილა. ,,მაშინ ამ კანონპროექტმა საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. ამის გამო კომიტეტმა გადადო ამ პროექტის განხილვა, რათა უკეთ დამუშავებულიყო კანონპროექტი. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შსს-სა და კომიტეტის წარმომადგენლების შემადგენლობით და მიმდინარეობდა კანონპროექტში მოცემულ საკითხებზე მუშაობა. სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინა ყველა ის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული, გაითვალისწინა მიზანი, რომლის მიღწევისთვისაც იყო წარმოდგენილი კანონპროექტი და ამ მიზნის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნდა. წარმოდგენილი კანონპროექტი გადამუშავდა და წარმოდგენილი რედაქცია არის სამუშაო ჯგუფში სრული შეთანხმებით მიღწეული ტექსტი, რომელიც სრულად შეესაბამება პროექტის მიზანს“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობის გაფართოებისა და საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტისა და მისი თანმდევი პროექტების განხილვის დროს.

კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოების ჩამონათვალის გაზრდას, კერძოდ, დგინდება შესაძლებლობა საქართველოს ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნეს უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ენიჭება საქართველოს ელექტრონული ვიზების გაცემის უფლებამოსილება და განისაზღვრება სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზების გაცემასთან დაკავშირებული რამდენიმე რეგულაცია. კანონპროექტით იცვლება საქართველოს ვიზის განმარტება. ცვლილებები ითვალისწინებს კანონიდან იმ დოკუმენტების ჩამონათვალის ამოღებას, რომელთა წარმოდგენა აუცილებელია საქართველოს ვიზების მისაღებად, კანონპროექტით ფართოვდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შესაძლებლობა. იცვლება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის წინაპირობა.

კანონპროექტით დგინდება შესაძლებლობა, რომ საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგინდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.

მთავრობის მიერ წარმოდგენული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ვიზის კატეგორიების ცვლილებას, აგრეთვე კონკრეტდება საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანოები, იცვლება საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული რეგულაციები. კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს ემატება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

კანონპროექტის თანახმად, უცხოელებს, რომლებსაც გააჩნიათ ბინადრობის ნებართვა ან/და ვიზა გარკვეულ ქვეყნებში, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, განსაზღვრული ვადით და პირობებით. აღნიშნული ქვეყნების ნუსხა, შესაბამისი ვადებისა და პირობების ჩათვლით დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კანონპროექტების თაობაზე მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია კანონით განსაზღვრული საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობის გაფართოებისა და საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებული გარკვეული რეგულაციების არა საკანონმდებლო დონეზე, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრის აუცილებლობითა და მიზანშეწონილობით. მისივე თქმით, პროექტის მომზადება ასევე განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის ხელშემწყობ ღონისძიებებს იმ უცხოელებთან მიმართებაში, ვისაც მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწის ნაკვეთისა) საკუთრების უფლება ან სარგებლობენ ბინადრობის უფლებით ან ვიზით შესაბამის ქვეყნებში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნას. ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან როგორც დეპუტატები, ასევე მთავრობის, მთავარი პროკურატურის, სახალხო დამცველის, საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის წარმომადგენლები, ადვოკატები და სისხლის სამართლის სპეციალისტები. ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. მისი განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით კომიტეტში რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება შევიდა და სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა. "როდესაც საკითხი პარლამენტში განიხილებოდა, გამოიკვეთა პოზიცია, რომ მოქმედი წესი მთელ რიგ პრობლემებს ქმნის და ასევე პრობლემურია ის წესიც, რომელიც 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს. პრობლემები სხვადასხვა ხასიათისაა. იმისათვის, რომ ოპტიმალური წესი მივიღოთ და იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა", - განაცხადა ვახტანაგ ხმალაძემ. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  სხდომა, 2015 წლის  7 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  სხდომა, 2015 წლის  7 აპრილი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  სხდომა, 2015 წლის  7 აპრილი