იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“

03 ივლისი 2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა, ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. 

შეხვედრა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, ორშაბათს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება სწორედ მიმდინარე კვირაში ტარდება.

„ეს არის ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებული ისტორიული ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით. ასევე, ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა სარჩევნო რეფორმა, რომელიც დაუფუძნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და გუშინ მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა მიიღო სარჩევნო რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისთვის, მეტი გამჭვირვალობისთვის და როგორც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების, ასევე ყოველი მომდევნო არჩევნების დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული სიახლეები გააცნო აუდიტორიას.

„ორშაბათს მესამე მოსმენით წარმატებით მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული არჩევნები. ჩვენ ასევე დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილება სწორედ ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის და არ წარმოქმნის დაბრკოლებებს“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-თან მიმართებაში საქართველოს საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ევროსაბჭოს 48 ქვეყანას შორის.

„ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ კოვიდ 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე, მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

„მინდა მივესალმო და დადებითი შეფასება მივცე თქვენს ჩართულობას საქართველოში მიმდინარე რეფორმებში. მადლობა ევროსაბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას, ჩვენი ქვეყნის დახმარებისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც თქვენგან მივიღეთ. მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენ ყოველივე ამან შეგვაძლებინა ის, რაც გაკეთდა, იმისთვის, რომ ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ შედეგად საქართველომ მოახერხა ეფექტურად გაძღოლოდა ამ საკითხს და გაეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება და ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული მიღწევები.

„საქართველომ შეძლო ეფექტურად გაძღოლოდა ამ პროცესს და გაეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება. გვაქვს კარგი შედეგი ამ მიმართულებით. ჩვენმა სამედიცინო სამსახურებმა, მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. ამასთანავე, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას და ხელისუფლება პირობას აძლევს თავის ხალხს, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით პროგრესს. ჩვენ მადლობას ვუხდით პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საელჩოებს საქართველოში იმ დახმარებისათვის, რომელიც მათ გაგვიწიეს როგორც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ასევე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია ასევე ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში.

„დღისათვის ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მოგვცა ეუთო/ოდირმა და ჩვენმა სახელმწიფომ დღეისათვის მოახერხა, რომ ყველა ეს რეკომენდაცია შესულიყო საარჩევნო კოდექსში. საქართველო აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიის განვითარებისთვის, ჩვენ კიდევ მრავალი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ დღეს ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ოქტომბერში და რასაკვირველია ეს ყველაფერი არის მორგებული საარჩევნო კანონმდებლობაზე. ჩვენ რასაკვირველია გავითვალისწინეთ ის უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც ჩვენ მოსახლეობას კოვიდ -19 ის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღებისას დაიცავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა საქართველოს პარლამენტს საარჩევნო რეფორმის დასრულება მიულოცა.

„მინდა მივულოცო საქართველოს პარლამენტს არა მხოლოდ რეფორმების გამო, რომელიც თქვენ ახლახანს გაატარეთ ფართო კონსენსუსის საფუძველზე, არამედ იმისათვის, რომ გაუმჯობესდა დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა. საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიზანი ნამდვილად არ არის ჩავერიოთ დებატებში, რომელიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, არამედ ჩვენი მიზანი და დანიშნულებაა მოგაწოდოთ საექსპერტო გამოცდილება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რიკ დემსმა.

ვენეციის კომისიის ესტონელმა წევრმა, ოლივერ კასკმა ისაუბრა საარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, მათ შორის, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებით შექმნილი ვითარების ჭრილში, საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

ვენეციის კომისიის ირლანდიელმა წევრმა, რიჩარდ ბარეტმა ყურადღება გაამახვილა ვენეციის კომისიისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის - საარჩევნო პროცესში სტაბილურობის საკითხის მნიშვნელობაზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

მოხსენებების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, 2020 წლის 3 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, 2020 წლის 3 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, 2020 წლის 3 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, 2020 წლის 3 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, 2020 წლის 3 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა თემაზე: „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, 2020 წლის 3 ივლისი