იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

01 ივლისი 2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, კანონპროექტი ეხება ბავშვების დაცვას პროსტიტუციისგან, პორნოგრაფიისგან და ზოგადად, სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისგან.

მისივე თქმით, კანონპროექტით წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის სასჯელები და სხვადასხვა ტიპის გამკაცრება კონკრეტულ დანაშაულებებთან მიმართებით.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან მოიმატა ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენამ ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების მხრიდან და ასეთ შემთხვევებში კანონმდებლობა უნდა იყოს განსაკუთრებით მკაცრი, რაც ავსახეთ კიდეც საკანონმდებლო ცვლილებებში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

კანონპროექტით იკრძალება პირობითი მსჯავრის გამოყენება არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩადენილი ისეთი დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პროსტიტუციაში ჩაბმა; პროსტიტუციის ხელშეწყობა; პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება; არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში; თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის.

ცვლილებების მიხედვით, ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების შემთხვევაში უქმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა.

კომიტეტის წევრებმა, შესაბამისი დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკანომდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

ანგარიში სხდომაზე სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა.

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში იურიდიული დახმარების სამსახური მთლიანდ გადავიდა დისტანციურ წარმოების რეჟიმზე და სამი თვის განმავლობაში 2477 სასამართლო პროცესში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.
მისივე თქმით, სამსახური პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა: სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომის გაზრდა და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

ანგარიშის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურმა 2019 წელს წარმოებაში მიიღო 18 044 საქმე, აქედან: 13967 იყო სისხლის სამართლის საქმე, 3134 - სამოქალაქო სამართლის საქმე და 943 - ადმინისტრაციული სამართლის საქმე. 2019 წელს 35 834-მდე გაიზარდა სამსახურის მიერ გაწეული კონსულტაციების რაოდენობა.

„სამსახურს ძალიან ბევრი წარმატებული საქმე გააჩნია. სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა 2678 საქმე დაამთავრა წარმატებით“, - აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა 2019 წელს გატარებულ რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე, ემიგრანტებთან დაკავშირებით განხორციელებულ პროექტებზე და სხვა საკითხებზე.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
დასკვნით სიტყვაში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს და მთლიანად კომიტეტს ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის.

„ასეთი მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობით ვფიქრობთ, რომ უფრო აქტიურად და კარგი ხარისხით გავაგრძელებთ საქმიანობას“, - აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურის როლი და ამ ყველაფერს ანგარიშში ასახული სტატისტიკაც ცხადყოფს.

„მე ვულოცავ ბატონ რაჟდენს წარმატებულ საქმიანობას. ფაქტები მოწმობს იმას, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ამ სამსახურის მიერ წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა. პირველად 2019 წელს, სამსახურის არსებობის მანძილზე, წარმოებაში მიღებული საქმეების საქმეთა რაოდენობას 18 ათასს გადააჭარბა და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სამსახურის თანამშრომელთა მიერ გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად იმატა გამამართლებელი გადაწყვეტილებებს რაოდენობამაც“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა იურიდიული დახმარების სამსახურის 2019 წლის საქმიანობა. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი