იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

03 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.
პროექტი კოლეგებს, მეორე მოსმენით, შალვა შავგულიძემ წარუდგინა. ცვლილება კოდექსის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას უკავშირდება. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და 169-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან ამოღებულია სიტყვები „საქართველოს პარლამენტის წევრის“, რის შედეგადაც პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემისთვის და მისთვის ბრალის წაყენებისთვის საჭირო აღარ იქნება საქართველოს პარლამენტის თანხმობა, რითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაში მოვა.
კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სახელწოდება - საქართველოს მთავრობის კანცელარია იცვლება სახელწოდებით - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. პროექტით წარმოდგენილი მეორე ცვლილება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების ფუნქციონირებას ეხება. სამსახურებრივი ზედამხედველობის ნორმები სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის საქმიანობაზე გავრცელდება. ხოლო ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰყავს მაკონტროლებელი ორგანო, სახელმწიფო კონტროლს არ დაექვემდებარება.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იურიდიული კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ წარუდგინა. კომიტეტის წევრებმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.