იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

04 აპრილი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები ახლებურად რეგულირდება.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. ცვლილებების თანახმად, იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან/და რეგისტრაციის მიხედვით) საქართველოს ტერიტორიაზე ან მათი საცხოვრებელი ემთხვევა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიას, პრობაციის შესაბამის ბიუროში გამოცხადების შესახებ გაფრთხილების ვალდებულება აღარ იარსებებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის მიერ სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის ახალი ფორმა შემოდის. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს ენიჭება უფლებამოსილება, დაწესებულების უფროსის სახელზე მოხსენებითი ბარათი დაწეროს, რის შედეგადაც დაწესებულების უფროსს შეუძლია თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დანიშნული/შეცვლილი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე სასამართლოს წარდგინებით მიმართოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.