იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

09 თებერვალი 2018
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო და პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებული არიან სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარუდგინონ სავალდებულო ინფორმაცია. მისივე განმარტებით, ბრძანების თავდაპირველი ვერსია, სხვა ვალდებულებებთან ერთად, მოიცავდა ავტორიზებული აფთიაქის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის შიგნით განხორციელებული მხოლოდ საბითუმო რეალიზაციის შესახებ. აღნიშნულ ბრძანებაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად კი, ავტორიზებული აფთიაქებს გაუჩნდათ ახალი ვალდებულება, კერძოდ, ავტორიზებული აფთიაქი ვალდებული გახდება სააგენტოს ყოველ კვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია, ასევე, საცალო რეალიზაციის შესახებ.

ზაზა სოფრომაძის განცხადებით, მოქმედი კანონის შესაბამის მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ფაქტის დაფიქსირებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი გამოიწერება და სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით.

ამასთანავე, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა აღარ განეკუთვნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას.

გარადა ამისა, რეგულირების სააგენტოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება ექნება.

ცვლილებების მიხედვით, შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს დაამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.

საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინა.

წარმოდგენილი ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არა მარტო ოჯახში ძალადობის, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევები.

ამასთანავე, იურიდიული დახმარების სამსახური, დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვას სასამართლოში, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, თუ ის ზოგადი წესით არ მოიწვევს ადვოკატს. 

ცვლილებების თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ფართოვდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამ კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან.

კანონპროექტით, იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში ისეთი ცვლილებები შედის, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მეტ ეფექტიანობას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტმა პირველის მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტით გათვალისწინებულია: სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობის და საქმიანობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტით ან ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის. ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტმა ორ სხდომაზე დეტალურად განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავის შინაარსით. მისივე განმარტებით, ცვლილებების მიზანია გარემო დაცული იყოს უკანონო ჩარევისაგან და იმ მავნე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს პრაქტიკაში. ეს ეხება როგორც უკანონო ხე-ტყის ჩეხვას, ასევე სხვა უკანონო ქმედებებს, რომელიც აზიანებს გარემოს.

„შემოთავაზებულია ცვლილებები, რომელიც გულისხმობს გარკვეულ გამკაცრებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განმეორებით ჩადენილ დანაშაულობებზე, ასევე, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 24-ე მუხლის თანახმად. ცვლილებები ეხება, ასევე, ხანდაზმულობის ვადის საკითხს, ფართოვდება თანამდებობის პირთა ის წრე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შემხებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხებთან. განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანოებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება და დაკონკრეტებულია მუხლები.

ცვლილება შედის მყარი წიაღისეულის მუხლის ფორმულირებაში, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისას დამატებითი სახდელის სახით განისაზღვრება სამართალდარღვევის იარაღის და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია.

სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე ცვლილებაა და ეხება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევას, ასევე, წიაღისეულის უკანონოდ სარგებლობისთვის მკაცრდება სანქცია.

ნარჩენების მართვის კოდექსში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაემატა, რომელიც ეხება გარემოს დაცვის კუთხით ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენების სამართლებრივ რეგულაციას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და დამატებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწას ითვალისწინებს.

როგორც საკითხი თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ განაცხადა, ცვლილებები გამომდინარეობს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.

ერთ-ერთი ცვლილება აზუსტებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას: თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში უნდა ჩატარდეს არანაკლებ 11 საჯარო შეხვედრა; პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდეს შეხვედრის ჩატარების გრაფიკი შეხვედრის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე; საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მოქალაქეთა მოსაზრებების დასაფიქსირებლად შეიმუშავებს სპეციალურ ფორმას, რომელიც დარიგდება შეხვედრებზე და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

კანონის მუხლს, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის ფუნქციონირების საკითხს, ემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმად, კომიტეტები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს და მოხდება მათი გასაჯაროება, ეს კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს, დროულად მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების შესახებ.

შეიცვლება ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სახელი და ის ჩამოყალიბდება როგორც „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“.

კანონის მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია ღია და გამჭვირვალე პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, დაემატება 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2 ვალდებულება, კერძოდ: საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზება და მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა, რაც უზრუნველყოფს მომავალ კოორდინირებულ მუშაობას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

კანონპროექტის მიზანია სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის უნიფიკაცია და ჰარმონიზაცია, ასევე, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივება და გამჭვირვალობა, ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტების დარეგულირება.

კანონპროექტი შედგება VI კარის, XVI თავისა და 145 მუხლისგან.

I კარი შედგება 3 მუხლისაგან. პირველივე მუხლი განსაზღვრავს კოდექსის მოწესრიგების სფეროს, რომელიც იწყება სამშენებლო სამართლის ყველაზე ზოგადი ინსტიტუტით - სივრცითი მოწყობის დაგეგმვით და მთავრდება მშენებლობის დამამთავრებელი ეტაპის - შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესებით. იქვე კეთდება დათქმა, რომ კოდექსი არ აწესრიგებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, არქიტექტორისა და ინჟინერ-კონსტრუქტორის სერტიფიცირების, სოციალური საცხოვრისის და სხვა მსგავს საკითხებს. კოდექსი არ აწესრიგებს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უნდა დარეგულირდეს მომიჯნავე კანონმდებლობით (მაგ., გარემოს დაცვის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა) ან სამშენებლო სფეროს კანონქვემდებარე აქტებით.

II კარი მოიცავს მხოლოდ სირცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სამართლებრივ ინსტიტუტებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ცენტრალური პრინციპია ასევე საჯარო და კერძო ინტერესების ერთმანეთთან შეჯერების პრინციპი.
კოდექსი ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ამომწურავ იერარქიას.

III კარი მოიცავს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ძირითად მოთხოვნებს, შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის ხარისხის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს. კოდექსის IV კარი განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და წინაპირობებს, ხოლო V კარი არეგულირებს მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების, სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებთან და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის შემუშავებას საფუძვლად უდევს შემდეგი გარემოებები: იურიდიული ტექნიკის სრულყოფა; მშენებლობის ნებართვის გაცემის სფერო დარეგულირება; მოქმედი კანონმდებლობა განიცდის ტერმინოლოგიის მოძველება; მოქმედი კანონმდებლობა შეუსაბამობა საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სხვა.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა, კოდექსის პროექტის პირველადი ვარიანტის გადამუშავების შემდეგ, კოდექსის სათაური შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული დამატებების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი
  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი
  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი
  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი
  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი
  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი
  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი
  •  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 9 თებერვალი