იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

15 ივლისი 2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად

საკანონმდებლო პაკეტი პარკირების სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულია მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება, მათ შორის:

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას სატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქმიანობისათვის, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით ხორციელდება, თუ ეს პარკირების ადგილი ამგვარი საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული დათქმების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, გურამ მაჭარაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი გაჩეჩილაძის და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონისპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილები შეეხება საავტომობილო ბენზინის და დიზელის ხარისხობრივი ნორმების შესახებ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებას.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, გოგა გულორდავას განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტმა სანქციების ნაწილში ცვლილებები განიცადა.

პროექტის თანახმად:

  • თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე მოხდება იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 10- მაგი ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 15 - მაგისა. საწვავის იმპორტის ფასი გულისხმობს შესაბამისი საწვავის იმპორტის ფასს, რომელიც დაფიქსირებულია საბაჟო დეკლარაციაში;
  • თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის წარმოება ხორციელდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე წარმოებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის თვითღირებულების ნამრავლის 10- მაგი ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 15 - მაგისა. საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც დაიხარჯა საწვავის წარმოებაზე;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებსან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე ავტოგასამართ სადგურზე/ნავთობროდუქტების საცავზე მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის ნამრავლის 5-მაგი ოდენობით. საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასი გულისხმობს ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასს.

ცვლილება ძალაში შევა კანონის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ნაცვლად მე-15 დღისა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 15 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 15 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 15 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 15 ივლისი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 15 ივლისი