იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

16 ივლისი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომელთაც ატესტაცია არ გაუვლიათ, 2015 წლის 1 ივლისამდე ატესტაციას დაექვემდებარებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის და კონკურსების სავალდებულო ეტაპი კი ტესტირება იქნება, რომელთა ჩატარებაც მუნიციპალიტეტების გარეთ იგეგმება. საქართველოს მთავრობის ინიციატივა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა უწყვეტი სწავლების სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლები, სისტემაში ჩართული უწყებების უფლებამოსილებები, სისტემის ფუნქციონირების პრინციპები და წესი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება არაუგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრისა. პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა კომიტეტის წევრებს და მომხსენებელს მიმართა წინადადებით, კონკურსებისა და ატესტაციების ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპი – ტესტირების ჩატარება ადგილობრივი ორგანოების გარეთ არ მოხდეს და თვითმმართველობის ორგანოები მთელ ამ პროცესში სრულყოფილად იყოს ჩართული.
"ადგილობრივი საჯარო მოხელის შერჩევაში, რომელიც ეტაპებისგან შედგება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სრულყოფილად უნდა მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი პროექტით, ჩვენ თვითმმართველ ორგანოებს ამის უფლებას ვართმევთ. უნდა მოხდეს უნიფიცირებული ტესტების დარიგება ადგილებზე და არა ამ ადამიანების თბილისში ჩამოყვანა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ, ტესტირებების გარეთ გატანის კარგ პრაქტიკად და მაგალითად უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების უნივერსტეტებს გარეთ გატანა დაასახელა.
„ერთია, როდესაც ზოგადად, თვითმმართველობების საჯარო მოხელეობის კანდიდატებს ერთ ადგილას, ერთ ცენტრში უტარდებათ ტესტირება და მეორეა, როდესაც კონკრეტული ადგილის მოხელეებს ტესტირება იქვე უტარდებათ და იგივე ხალხი ატარებს“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. პროექტის მიხედვით, ატესტაციისა და კონკურსებისთვის გათვალისწინებული ტესტირებისთვის სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, ასევე ტესტირების შეფასების კრიტერიუმებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეიმუშავებს და დაამტკიცებს.
ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 90 დღის ნაცვლად 15 დღით განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტი, იურიდიული კომიტეტის წევრებს ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ პირველი მოსმენისათვის წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო ხდება ვალდებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის განხილვა სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე დაიწყოს. პროექტი ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავების პროცესუალური რეგულაციების კანონით განსაზღვრასაც ითვალისწინებს და შემოდის ტერმინი „ადმინისტრაციული დაკავება“, რომლითაც დაკავების ხასიათი კონკრეტდება.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში და „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გააცნო. კანონპროექტით, სახელმწიფო საიდუმლოების სფეროში არსებული ცნებების დახვეწა საქართველოს არსებული პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ხდება.შემოდის ახალი ცნებები, როგორიცაა: შემოწმების პროცედურა, ინფორმაციის გაცნობის საჭიროება, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან მოპყრობა, საიდუმლო კონტაქტი, ინფორმაციის გადაცემის საშუალებები, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა. ასევე სიახლეა სახელმწიფო საიდულოებასთან ინდივიდუალური დაშვებისა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან იურიდიული პირის დაშვების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
დისციპლინური გადაცდომა, თავისი სიმძიმით და სამართლებრივი შედეგებით, ნასამართლობისა და კორუფციული სამართალდარღვევისგან გაიმიჯნება. აღნიშნული ხარვეზი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შედის.
როგორც იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ინიციატორმა აღნიშნა, დისციპლინური გადაცდომა არ უნდა იყოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის დამაბრკოლებელი გარემოება უვადოდ. „ეს საკითხი კანონით დადგენილი დროის გასვლის შემდეგ თვით იმ ორგანოს გადასაწყვეტი უნდა იყოს, რომელსაც აქვს პირის მოსამართლედ გამწესების უფლებამოსილება. შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ მოსამართლედ არჩევის ან დანიშვნის დროს კანდიდატის მორალური და საქმიანი რეპუტაციის შესაფასებლად უნდა იხელმძღვანელოს სხვადასხვა კრიტერიუმით, ხოლო კანდიდატის მიერ წარსულში დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომელიც არ უკავშირდება კორუფციულ სამართალდარღვევას, აპრიორი არ შეიძლება იყოს მოსამართლედ გამწესებისთვის კანონით დადგენილი აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი“, - განმარტა ეკა ბესელიამ. 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

გალერეა