იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

20 მარტი 2017
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, განაგრძო „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე და მის თანმდევ პროექტებთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც დასაზუსტებელი იყო.

შეთანხმებული რედაქციის თანახმად, ხანმოკლე პაემანთან მიმართებაში ვიზუალური მეთვალყურეობა შეიცვალა ელექტრონულ მეთვალყურეობით. დაზუსტდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ვიზუალური მეთვალყურეობა განხორციელდება მოსმენის გარეშე და სათანადო გაფრთხილების შემდეგ. ხანგრძლივი პაემანის უფლება მიეცემა განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებსაც. ყველა კანონპროექტში „კრიმინალური წარსულის“ ნაცვლად ჩაიწერება „წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები“. მოქმედი ნორმით, მაღალი რისკის მსჯავრდებულებს წინასწარ შეთანხმებულ ხუთ სატელეფონო ნომერზე აქვთ დარეკვის საშუალება. წარმოდგენილი ცვლილებით ამ ჩამონათვალში არ შევა სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი. შეთანხმება მოხდა იმ ნორმების ფორმულირებებთან, რომელიც შეეხება ტელევიზორით სარგებლობას, გარე აკრძალულ ზონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა.

შემოთავაზებული კანონპროექტის მთავარი ნოვაციაა პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, რომელიც მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებულებს გათავისუფლებისათვის, საშუალებას მისცემს მათ სრულ გათავისუფლებამდე გადაჭრან ელემენტარული ყოფითი პირობები, განივითარონ პროფესიული უნარები, მოძებნონ სამსახური და მოაწესრიგონ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებული პირის გათავისუფლების შემდგომ მათ გარე სამყაროსთან ადაპტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, კანონპროექტის მიხედვით, მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს.

საკანონმდებლო პაკეტით არსებით ცვლილებას განიცდის სასჯელის სახით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვა და მის ნაცვლად ინერგება სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა. კანონპროექტის ახალი დანაწესით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ეძლევა უფლებამოსილება მსჯავრდებულს მოუხდელი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით.

კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე სხვა სახის ცვლილებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფულადი გზავნილების მიღებას, ასევე ახლებურად რეგულირდება ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

კარგია, რომ პირველი მოსმენისთვის პრინციპების დონეზე ბევრ საკითხზე შევთანხმდით. ძალიან მახარებს, რომ ბევრად უფრო გავაუმჯობესეთ შემოთავაზებული ცვლილებები და ჰუმანური მიდგომა კიდევ უფრო გავაძლიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როცა საქმე პატიმრებს ეხება“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამოთქმული შენიშვნებისა და დათქმების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტისა და მისი თანმდევი პროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები, მათ შორის საქართველოს კანონის პროექტები: ,„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

წარმოდგენილი კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს, ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტია, რომლის მთავარი მიზანია ქალის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა ოჯახური ძალადობის კონტექსტში. კონვენცია, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს და აწესებს მყარ გარანტიებს მათი უფლებების დასაცავად.

კონვენციის მთავარი მიზანია დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს, აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. აღნიშნული კონვენციის საფუძველზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში ძალადობის 3 დამოუკიდებელი დეფინიცია შემოდის: 1. ქალთა მიმართ ძალადობა; 2. „ოჯახში ძალადობა“; 3. „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“.

სტამბულის კონვენციის თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებაა აწარმოოს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა, რაც უნდა გამოიხატოს ქმედითი, კომპლექსური და კოორდინირებული პოლიტიკის წარმოებაში, რათა დაცულ იქნეს მსხვერპლის უფლებები. აღნიშნული პოლიტიკის წარმოებაში ჩართულ უნდა იქნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ამ სახის პოლიტიკის გატარება მიანდონ ერთიან მაკოორდინირებელ ორგანოს, რომელიც იმუშავებს კონვენციის სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, წარმოდგენილ კონვენციას თან ახლავს 30-მდე გამომდინარე კანონპროექტი, თუმცა ყველაზე არსებითი ცვლილებები შედისოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“.

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, ცვლილება შედის როგორც კანონის სათაურში, ისე მის ყველა იმ მუხლში, რომლებშიც მოხსენიებულია ტერმინი „ოჯახური ძალადობა“ და აღნიშნული ტერმინი ყალიბდება როგორც „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“, რაც გულისხმობს ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას, რომლის დროსაც ქალი დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ ოჯახის მიღმაც.

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

არსებითად იცვლება მსხვერპლის დეფინიცია და იგი მოიცავს არა მხოლოდ ოჯახის წევრს, არამედ ქალს ზოგადად. კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება მოძალადის ცნება, რომლის თანახმადაც, მოძალადე შეიძლება იყოს როგორც ოჯახის წევრი, ისე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ქალზე ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას, უგულებელყოფას ან იძულებას.

კანონპროექტის შესაბამისად, ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის საკითხი და სწრაფი და ეფექტური რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად. გარდა ამისა, კოდექსს ემატება კიდევ ერთი მუხლი რომელიც ითვალისწინებს ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციას.

კოდექსს ემატება ახალი შინაარსის ნორმა „ადევნება“, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის. კერძოდ: „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი

ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგელო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოთავაზებული ცვლილებების პირველი მოსმენისთვის განხილვას და კენჭისყრას, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდეს, მანამდე კი, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს.

არის საკითხები, რომელიც კიდევ გვაქვს დასაზუსტებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია, ძალიან დიდი სამუშაო უდავოდ გაწეული. დიდი ხანია ჩვენ ამ კონვენციის რატიფიცირებისთვის ვემზადებით და დიდი მოლოდინებია მასთან დაკავშირებით“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ წარმოადგინა.

ანგარიშის თანახმად, 2016 წელს იურიდიული დახმარების სამსახურისხურის ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული იქნა 12220 საქმე. აღნიშნულ საქმეთაგან 75% მიეკუთვნებოდა სისხლის სამართლის სფეროს, 17% სამოქალაქო საქმეთა, ხოლო 8 % ადმინისტრაციული სამართლის სფეროს. 2015 წელთან შედარებით, 6-დან 17%-მდეა მომატებული სამოქალაქო საქმეთა რაოდენობა, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიაში მატება 6-დან 8%-მდეა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს თანამშრომელთა მონაწილეობით სისხლის სამართლის სფეროს მიკუთვნებულ საქმეთაგან: გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 58 სისხლის სამართლის საქმეზე (2015 წ. – 48); ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით დასრულდა 23 საქმე (2015 წ. – 18); სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იქნა 169 საქმეზე (2015 წ. – 184); განრიდებით დასრულდა 195 საქმე (2015 წ. – 115). ანგარიშის თანახმად 200%-ით გაიზარდა იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს თანამშრომელთა მიერ არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შემთხვევები.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით მკვეთრი მატება შეინიშნება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის კუთხით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიხედვითაც, სამსახურმა დაიწყო არა მხოლოდ არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა, არამედ საადვოკატო მომსახურების გაწევა დაზარალებულისა და მოწმის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის, ასევე 18–დან 21 წლამდე ბრალდებულებისათვის.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ისაუბრა სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ გასაძლიერებელია ცენტრალური აპარატი, გასაძლიერებელია ანალიტიკური სამუშაო, დაწყებულია ხარისხის წესის შეფასების დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები და შესაბამისად, უნდა გაიზარდოს საშტატო რაოდენობა. „თუ იქნება საბიუჯეტო მხარდაჭერა, სამსახური შეძლებს სხვა გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“,- აღნიშნა მელიტონ ბენიძემ.

საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტს სულ ექნება მხარდამჭერი პოზიცია იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სერვისი, რასაც ჰქვია უფასო იურიდიული დახმარება“,- განცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2016 წელს განხორციელებული საქმიანობა.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა