იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

25 მარტი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რაც წარმოება-დაწესებულებების და ორგანიზაციების მდგრად უსაფრთხო ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს, ხანძრისა და სხვა საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევებში მათ სალიკვიდაციოდ მობილიზებულ სახანძრო დაცვის დანაყოფების მართვას უზრუნველყოფს და ქვეყანაში მათი შედეგებით გამოწვეულ სოციალურ ეკონომიკურ სიმძიმეს შეამცირებს. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. ფართომასშტაბიანი ცვლილებების განხორციელების მიზნით „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები ერთ ნორმატიულ აქტად ერთიანდება. კანონპროექტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის ან/და სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, რომლებიც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში შედიან, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ლიკვიდაციას დაექვემდებარება. ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ დარჩენილი ქონება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაეცემა. გათვალისწინებულია დებულებები და პროცედურები, რათა დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების დროს სამოქალაქო უსაფრთხოებას და ასევე, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული პირების ინტერესებს საფრთხე არ შეექმნას. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ზვიად ოქროპირიძის ინფორმაციით, კანონპროექტი ორი ძირითად ეტაპისგან შემდგარი სამოქმედო გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს. გეგმა 2014 – 2015 წლებზეა გაწერილი და სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული დანაყოფების ჩამოყალიბებას, მოსამსახურეთა უფლებამოსილებების, საქმიანობის წესისა და რიცხოვნების განსაზღვრასთან ერთად, სახანძრო დეპოს შენობების მშენებლობას, სახანძრო, საავარიო-სამაშველო ტექნიკის, აღჭურვილობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის შეძენას მოიცავს. კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირეების დონეების განსაზღვრას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა. პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და 169-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან ამოღებულია სიტყვები „საქართველოს პარლამენტის წევრის“, რის შედეგადაც პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემისთვის საჭირო აღარ იქნება საქართველოს პარლამენტის თანხმობა, რითიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მოვა შესაბამისობაში. კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნების კონსტიტუციებსა და კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელოებში იმუნიტეტი განსაზღვრულია არა როგორც უფლება, არამედ პრივილეგია. „კანონების მიღება პარლამენტის დისკრეციული უფლებაა, მაგრამ თუ ვინმეს გაუჩნდა ეჭვი, რომ პარლამენტმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.