იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

02 მაისი 2014
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც მცირდება საურავები, რომლებიც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული. კერძოდ, თუ პირი 30 დღეში არ გადაიხდის მასზე დაკისრებულ საჯარიმო თანხას, მას საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა დაეკისრება.
ცვლილების შედეგად, დაინერგება მართვის უფლების შეჩერების ახალი მექანიზმი. ხდება ერთიანი სისტემის შემოღება. თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, ხოლო ამის შემდეგ საურავს, მას მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება. სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა დაუბრუნდება იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 100 ლარს არ აღემატება და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, ხოლო თუ ჯარიმა აღემატება 100 ლარს მაშინ გადაიხდის ჯარიმას და საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.

გალერეა