იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

02 დეკემბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი. პროექტის თანახმად, 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება ასეთი პირის ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ბავშვის დაბადება. აღნიშნული ნორმა ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, იზრდება არასრულწლოვანის მინიმალური საქორწინო ასაკი და ნაცვლად 16 წლისა, განისაზღვრება 17 წელი. ასევე, დგინდება, რომ მშობლებსა და მზრუნველებს აღარ ექნებათ ქარწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება, ვინაიდან აღნიშნული მოექცევა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში. ამავდროულად, კონკრეტდება არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძვლები და ერთადერთ პატივსადებ საფუძვლად განისაზღვრება ბავშვის დაბადება. პროექტის მიხედვით, საკითხის ზემოაღნიშნული მოწესრიგება წარმოადგენს გარდამავალი პერიოდის ნორმას და ძალას დაკარგავს ცვლილებების ამოქმედებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, აღნიშნული დროისთვის, სამოქალაქო კოდექსით, მინიმალურ საქორწინო ასაკად განსაზღვრული იქნება 18 წელი და არასრულწლოვანი პირები საერთოდ ვეღარ იქორწინებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

პროექტით ახლებურად განისაზღვრება ნოტარიუსის თანამდებობაზე გამწესების წესი და პირობები. კერძოდ, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას განახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში, ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შეუძლია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა იმავე ან საქართველოს ნებისმიერ დასახლებაში. კანონპროექტით გათვალისწინებულია ნოტარიუსისთვის აღნიშნულ დასახლებაში სანოტარო საქმიანობის განხორციელებისას ნოტარიუსთა პალატისგან ფინანსური დახმარების გამოყოფა.

კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კანონპროექტით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ამნისტია ვრცელდება პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული (თაღლითობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება, ქრთამის მიცემა/აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და დევნილის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან. ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ან/და რომელმაც აღნიშნული დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული/შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი ამ კანონის მოქმედებამდე გამოიყენა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

ცვლილების შესაბამისად, დაკონკრეტდა სახეობები და სანქციები კონკრეტული სამართალდარღვევისთვის, ისეთები როგორიცაა: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა, ზღვის დაბინძურება, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა და ა. შ. გარდა ამისა, დადგინდა პასუხისმგებლობა ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა: გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებით, მათი ნაწარმით ან დერივატებით უკანონო ვაჭრობა, ასევე, ასეთი სახეობების, მათი ნაწილების ან დერივატების უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია (მათ შორის ნებართვის პირობების დარღვევა), საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის წარმოების, შენახვის (განთავსების) ან/და მიწოდებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო ბიზნესის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა და სხვა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, წარმოდგენილი იქნება განსხვავებული სქესის კანდიდატი, რაც საქართველოს პარლამენტში უზრუნველყოფს მინიმუმ 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 2 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 2 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 2 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2015 წლის 2 დეკემბერი