იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

03 სექტემბერი 2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანოპროექტი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი 9 კანონპროექტი.  

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანოპროექტი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც იქნება მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე უშუალო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაცული უსაფრთხოების დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტის სააგენტოდ გარდაქმნა მოხდება მომავალი წლის 1 იანვრიდან. 

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა გაზრდის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხს, რითაც საქართველო გადადგამს ნაბიჯს საერთაშორისო კონვენციებით აღებული ვალდებულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

საკანონმდებლო პაკეტში, რომლიც ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ერთი სრულიად ახალი კანონპროექტია. კერძოდ, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 16 მუხლისაგან შედგება.

აღნიშნული კანონი დაარეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიური ნარჩენებთან მოპყრობასთან ან/და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ასევე ადგენს რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნებს რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობებისა და ობიექტებისთვის.

კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რადიოაქტიური ნარჩენები განთავსებულ უნდა იქნეს ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში.

კანონპროექტები შემუშავდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და და ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს პროკურატურის რეფორმას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, სხდომაზე წარმოადგინა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ.

კანონპროექტის თანახმად, იქმნება საპროკურორო საბჭო, რომლის შემადგენლობაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შევლენ სამოქალაქო სექტორის მიერ განსაზღვრული პირები. საბჭოს ძირითადი ფუნქციები იქნება: საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტისთვის წარდგინებით მიმართვა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და შეწყვეტა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხების გადაწყვეტა საპროკურორო საბჭოს წევრის მიმართ, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით პროკურორთა კონფერენციის მიერ არის არჩეული; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

ცვლილებების თანახმად, იქმნება საპროკურორო კონფერენციაც, რომელიც საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას წარმოადგენს. კონფერენციის უფლებამოსილება იქნება საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრების არჩევა.

კანონპროექტის თანახმად, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე დაინიშნება 6 წლის ვადით და აიკრძალება აღნიშნულ პოზიციაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით შემოდის საგანგებო (ad hoc) პროკურორის ინსტიტუტიც. საგანგებო (ad hoc) პროკურორის ფუნქცია იქნება შესაბამისი დასკვნის მომზადება და საპროკურორო საბჭოსათვის მისი წარდგენა.

კანონპროექტი განსაზღვრავს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს და პროცედურას, რომელშიც ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ასევე მთავრობა და პარლამენტი.

კომიტეტის წევრებმა შენიშვნები გამოთქვეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტება, საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებები, საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, საგანგებო (ad hoc) პროკურორის შერჩევა, მთავარ პროკურორად არჩევა და მთავარ პროკურორად თანამდებობაზე დანიშვნის წესი.

შენიშვნების გამოთქმისა და დისკუსიის შემდეგ, კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან და პუნქტებთან დაკავშირებით, კენჭისყრაზე დაყენებული იყო ალტერნატიული წინადადებები, რომელთა ნაწილს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ნაწილს კი - არა.

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული იყო ალტერნატიული წინადადება, რომელიც საპროკურორო საბჭოში პარლამენტის მიერ საკუთარი წევრების არჩევის წესს შეეხება.

კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქციით, საქართველოს პარლამენტი პარლამენტის წევრთაგან საპროკურორო საბჭოში ირჩევს 2 წევრს -  ერთს საპარლამენტო უმრავლესობიდან და ერთს იმ დეპუტატებიდან, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში.

ალტერნატიული წინადადების თანახმად კი -  საქართველოს პარლამენტი საპროკურორო საბჭოში ირჩევს 4 წევრს იმავე წესით და კრიტერიუმებით, როგორც ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ოთხი წევრიდან პარლამენტი ორს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობიდან, ხოლო ორს იმ დეპუტატებიდან, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში. აღნიშნულ წინადადებას კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის საკითხს შეეხებოდა ალტერნატიული წინადადება, რომელსაც მხარი დაუჭირეს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილმა.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კონფერენციის დაწყების წინ კონფერენციის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან პროკურატურის პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან შემდგარი არანაკლებ 30 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელთა თითო წარმომადგენელი კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს. პროკურატურის პროკურორი/გამომძიებელი უფლებამოსილია იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივი ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატურა.

კომიტეტის წევრების მიერ მხარდაჭერილი ალტერნატიული წინადადების თანახმად კი - საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პროკურორთა კონფერენციას წარუდგენენ პროკურატურის პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან შემდგარი არანაკლებ 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფები. სამ საინიციატივო ჯგუფს ეყოლება ერთი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ კომიტეტში. საინიციატივო ჯგუფს უფლება ექნება წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის მხოლოდ 1 კანდიდატი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ თუ ინიციატორები გაიზიარებენ ამ წინადადებას პლენარულ სხდომამდე, მაშინ კომიტეტის ალტერნატიული წინადადება მოიხსნება.

კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთ ალტერნატიულ წინადადებას დაუჭირეს მხარი, რომელიც საგანგებო (ad hoc) პროკურორად დანიშვნის კრიტერიუმებს შეეხება. კანონპროექტით შესაბამისი მუხლი წარმოდგენილი იყო შემდეგი რედაქციით: ,,საგანგებო (ad hoc) პროკურორად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყოფილი მოსამართლე ან ყოფილი პროკურორი, რომელსაც აქვს შესაბამისად მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება; სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი აკადემიურო წრეებიდან ან/და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან და აქვს იურიდიული პროფესიის მიხედვით მუშაობის არანაკლებ 10- წლიანი გამოცდილება“.

ალტერნატიული წინადადების თანახმად კი, საგანგებო (ad hoc) პროკურორად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყოფილი მოსამართლე ან ყოფილი პროკურორი, რომელსაც აქვს შესაბამისად, მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება; არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და აქვს იურიდიული პროფესიის მიხედვით მუშაობის არანაკლებ 10- წლიანი გამოცდილება.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აგრეთვე ანალოგიური რედაქციით მთავარ პროკურორად დანიშვნის კრიტერიუმების განმსაზღვრელი პუნქტის ჩომაყალიბებასაც.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და ალტერნატიული წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა