იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

05 დეკემბერი 2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი III მოსმენით განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ, წარადგინა. 

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უბილეთო მგზავრს თუ არ ექნება პირადობის მოწმობა და მისი იდენტიფიცირება ვერც მოწმეების დახმარებით ვერ მოხდება ადგილზე ან სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში მასზე არ იქნება ასეთ პიროვნებაზე მონაცემები დაცული, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს პოლიციის განყოფილებაში. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ სრული ადაპტირება საქართველოს კანონმდებლობაში, რაც განაპირობებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი 235(1) მუხლის დამატებას და არსებულ 406-ე მუხლში ცვლილებების შეტანას. საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ II მოსმენით წარადგინა. სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

კომიტეტმა ასევე, განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტებს, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა. 

კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მშენებლობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას და მასთან დაკავშირებით აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას.

კანონპროექტის მიხედვით, დგინდება პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან უფრო ეფექტური ადმინისტრირებისთვის, ხდება აღნიშნული კომპეტენციის ამოღება და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში გადატანა.

კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით გაფრთხილებას და ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება 30-დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს, რომ მეორე დაჯარიმების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება 30 დღის ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი სანქციის გაორმაგებული ოდენობით. აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ მოვა შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით და დადგენილია შემდეგნაირად:

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:

  • მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;
  • მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 15 000 ლარით;
  • მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით;
  • მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით;

თვითმმართველ ქალაქში – 2 000 ლარით;

  • მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში – 1 000 ლარით;
  • მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში – 500 ლარით.

კანონის პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 იანვარი.

კომიტეტის წევრებმა მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებები განიხილეს, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს.

გალერეა

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 დეკემბერი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 დეკემბერი